რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად ჯამში 15 000-მდე ნეპალელი დაიქირავა

ნეპალის არმიის გურქების ბრიგადა
REUTERS/Phil Noble

CNN-თან სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, რომ წინა წელს რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელი მებრძოლების ჯარში აყვანის პროგრამის წარდგენიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასთან ომში საბრძოლველად დაახლოებით 15 000 ნეპალელი დაიქირავა.

ჯარში რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, რუსეთი უცხოელებს თვეში $2 000-იან ხელფასსა და რუსული პასპორტის მოპოვების გამარტივებულ პროცესს სთავაზობს. ნეპალის პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მიიჩნევა და გლობალური მობილობის კუთხით რეიტინგში ჩრდილოეთ კორეასაც ჩამოუვარდება. ამასთანავე, ნეპალი მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორისაა.

ნეპალის მთავრობის თქმით, რუსეთის ჯარში ნეპალის 200 მოქალაქე იბრძვის და ბრძოლაში 13 ნეპალელია მოკლული. თუმცა, ნეპალელი კანონმდებლებისა და უფლებადამცველების თქმით, მთავრობის ოფიციალური რიცხვები ბევრად ჩამოუვარდება ნამდვილ მონაცემებს. 

რამდენიმე დღის წინ ნეპალის ოპოზიციის წევრმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ზედა პალატას განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე 14 000-15 000 ნეპალელი იბრძვის. ამ ინფორმაციას იგი ბრძოლის ველზე მყოფი ნეპალელი მებრძოლების ცნობებსა და რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ამბობს.

ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ამ დროისთვის ოთხი ნეპალელი მებრძოლი უკრაინის ტყვეობაშია. რუსეთის მხარეს ომში ჩართული და გარდაცვლილი ნეპალელი მებრძოლების შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად CNN-მა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი მიმართა, თუმცა, რუსეთს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები