ევთანაზია

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი, დრის ვან აგტი და მისი ცოლი ევგენია
Radboud University

1977-82 წლებში ნიდერლანდების ქრისტიან-დემოკრატმა პრემიერმა, დრის ვან აგტმა და მისმა ცოლმა, ევგენიამ სიცოცხლე ევთანაზიით, "ხელიხელჩაკიდებულებმა" დაასრულეს. ორივე მათგანი 93 წლის იყო.

ინფორმაცია პარასკევს, 9 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია The Rights Forum-მა გაავრცელა. მათი თქმით, წყვილი ორშაბათს, 5 თებერვალს გარდაიცვალა და მათ ქალაქ ნეიმეგენში დაკრძალავენ.

"ის გარდაიცვალა ხელიხელჩაკიდებული თავის საყვარელ მეუღლესთან, მხარდამჭერთან და სატელევიზიო წამყვანთან, ევგენია ვან აგტ-კრეკელბერგთან, რომელთან ერთად 70 წელზე მეტი დრო გაატარა და რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე "ჩემს გოგოს" ეძახდა". - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. 2019 წელს ვან აგტმა პალესტინელების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თავის ტვინში სისხლდენა განიცადა, რის შემდეგაც ის ბოლომდე ვეღარ გამოჯანმრთელდა.

ყოფილი პრემიერის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ნიდერლანდების მოქმედი პრემიერი, მარკ რუტე და ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები.

"მისი უნიკალური ენით, მკაფიო რწმენითა და გასაოცარი პრეზენტაციით, დრის ვან აგტმა ნიდერლანდების პოლიტიკას პოლარიზაციისა და პარტიების განახლების ჟამს ფერი და შინაარსი შესძინა". - თქვა რუტემ განცხადებაში.

საერთო განცხადება გაავრცელეს მეფე ვილემ-ალექსანდერმა, დედოფალმა მაქსიმამ და პრინცესა ბეატრისმა.

"მან მართვის პასუხისმგებლობა მშფოთვარე დროში აიღო და თავისი გასაოცარი პიროვნებითა და მრავალფეროვანი სტილით ბევრის შთაგონება შეძლო". - ნათქვამია განცხადებაში.

დრის ვან აგტის პრემიერობით ქრისტიან-დემოკრატები მემარჯვენე ლიბერალურ პარტიასთან ერთად ნიდერლანდებს 1977-1981 წლებში მართავდნენ. არჩევნების შემდეგ ვან აგტი კვლავ პრემიერი გახდა და ლეიბორისტებთან და ცენტრისტ დემოკრატებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 წლის განმავლობაში იარსება.

კომენტარები