რუსი მილიარდერები

FORBES: რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდერმა, ვასილი ანისიმოვმა თქვა

TACC

აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ყოფილმა პარტნიორმა, ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ის გახდა მეშვიდე მილიარდერი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

ბიზნესმენის მიერ გამოცემისთვის გადაცემული დოკუმენტების მიხედვით, მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში. პარალელურად, ანისიმოვი აგრძელებდა რუსეთში საქმიან ვიზიტებს.

როგორც Forbes-ი წერს, ანისიმოვი დომინიკისა და ხორვატიის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დომინიკელთა პასპორტი 1990-იანი წლებში მიიღო, რაც დაახლოებით 60 000 დოლარი დაუჯდა. ბიზნესმენმა ხორვატიის პასპორტი 2003 წელს მიიღო. ამისათვის მან ქვეყანაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო უძრავ ქონებაში. 

ვასილი ანისიმოვი არის Trustconsult-ის კომპანიების და დეველოპერული კომპანია Coalco International-ის დამფუძნებელი. Forbes-ი მის ქონებას 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარად აფასებს. ამავე ინფორმაციით, ანისიმოვი ფლობს ბიზნესს ყაზახეთსა და აფრიკაში, ხოლო 2022 წელს ჩაერთო უძრავი ქონების ბიზნესში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე ექვსმა მილიარდერმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, მათ შორისაა, კომპანია Itera-ს დამფუძნებელი იგორ მაკაროვი, საინვესტიციო კომპანია Freedom Finance-ის დამფუძნებელი ტიმურ ტურლოვი, ფონდების ჯგუფის DST Global დამფუძნებელი და Mail.Ru Group-ის ყოფილი თანამფლობელი იური მილნერი, Revolut-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი, Troika Dialog-ის ყოფილი მფლობელი რუბენ ვარდანიანი და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი.

კომენტარები