უკრაინა

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა

ანატოლი ბარგილევიჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი გენერალ-ლეიტენანტ სერგი შაპტალას ნაცვლად დანიშნა. ზელენსკიმ ამის შესახებ საღამოს მიმართვაში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ამის რეკომენდაცია უკრაინის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ მისცა.

"დღეს შევხვდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სარდლობას, ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს. აი, შეხვედრების შედეგები: ჯერ შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგი შაპტალას ამ ორი წლის ომის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის წინადადებით გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დავნიშნე. როგორც გამოცდილ პიროვნებას, მას ესმის ამ ომის ამოცანები და უკრაინის მიზნები". - თქვა ზელენსკიმ. 

ანატოლი ბარგილევიჩი ოთხი თვის წინ დაინიშნა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურად. 

ზელენსკიმ თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ სირსკიმ უკვე აირჩია თავისი მოადგილეები, რის შემდეგაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებებს მათ დანიშვნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, ასევე შეირჩა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები.

8 თებერვალს ზელენსკიმ შეიარაღებული შტაბის მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გადააყენა, მისი ადგილი სახმელეთო შენაერთების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ დაიკავა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განმარტებით ზალუჟნიმ 2024 წლის სამხედრო სამოქმედო გეგმა არ წარმოადგინა, რაც მისი თანამდებობიდან დათხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

კომენტარები