რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს "სამოქალაქო ომის ელემენტები" აქვს

ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს "სამოქალაქო ომის ელემენტები" აქვს. ამის შესახებ მან ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინმა საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად მაგალითად მოიყვანა ისტორია, რომელიც, თითქოსდა, მიმდინარე ომის დროს ფრონტზე მოხდა.

"მოვიყვან უჩვეულო მაგალითებს. ბრძოლის ველზე მიმდინარეობს შეტაკება, კონკრეტული მაგალითია: უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ - ეს არის კონკრეტული ცხოვრებისეული მაგალითი, საბრძოლო მოქმედებებია, ჩვენი ჯარისკაცები მათ უყვირიან: "შანსი არ გაქვთ, დაგვნებდით! გამოდით, იცოცხლებთ, დაგვნებდით!". უცებ იქიდან რუსულად, კარგი რუსულით ყვირიან: "რუსები არ ნებდებიან!". ყველა დაიღუპა. ისინი თავს კვლავ რუსებად გრძნობენ". – უთხრა პუტინმა კარსლონს მას შემდეგ, რაც თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინელ და რუს ერებს შორის ურთიერთობა აღდგება.

"ამ თვალსაზრისით, ის, რაც ხდება, გარკვეულწილად სამოქალაქო ომის ელემენტია. დასავლეთში ყველა ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებებმა რუსული ერის ერთი ნაწილი მეორეს სამუდამოდ დააშორა. არა. გაერთიანება მოხდება. ის არსად გამქრალა". – დაამატა პუტინმა.

ტაკერ კარლსონის ინტერვიუს აქტიურად არეკლამებდნენ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული არხები და მედიასააგენტოები. FOX News-ის ყოფილმა წამყვანმა პუტინს არ დაუსვა კრიტიკული კითხვები. საუბრის დროს არ უხსენებიათ კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება, ან უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

კომენტარები