სანქციების მე-13 პაკეტი

BLOOMBERG: EU-ს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის არმიას და ტექნოლოგიებს შეეხება

REUTERS/Dado Ruvic

ევროკავშირი გეგმავს, ახალი სანქციები დააწესოს 55 კომპანიისა და 60-ზე მეტი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, შეზღუდვები შეეხება იმ პირებს და კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ იარაღის წარმოებაში და იმ ძირითადი ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიწოდებაში, რომელსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის წარმოებისთვის იყენებენ.

სანქციები, რომელთა ამოქმედება EU-ს წევრი სახელმწიფოების თანხმობას საჭიროებს, ასევე შეეხება გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადასატანად.

ამჟამინდელი გეგმები სანქციების მე-13 პაკეტის შესახებ ასევე მოიცავს სიაში რამდენიმე სამხედრო და სხვა ოფიციალური პირის და პოლიტიკოსის დამატებას, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მცველის და ტულას ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორის, ალექსეი დიუმინის.

სანქციების სია, შესაძლოა, შეიცვალოს მანამ, სანამ შეზღუდვების პაკეტს წევრი ქვეყნები ერთსულოვნად არ დაამტკიცებენ. 

კომენტარები