აისბერგზე მთვლემარე პოლარული დათვის ფოტო 2023 წლის People’s Choice Award-ის კონკურსზე "ველური ბუნების ფოტოგრაფიის" კატეგორიის გამარჯვებულია. ფოტო ბრიტანელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ნიმა სარიხანიმ ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგის მახლობლად, საექსპედიციო გემიდან გადაიღო.
"ამ ფოტომ ძლიერი ემოციები გამოიწვია ბევრ მათგანში, ვინც ის ნახა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ, იმედი მაქვს, რომ ეს ფოტო იმედსაც ჩასახავს; ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოვასწოროთ ის არეულობა, რაც გამოვიწვიეთ". - თქვა სარიხანიმ.
კონკურსის მასპინძელი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორის, დუგლას გურის თქმით, "ნიმას თვალწარმტაცი და სევდიანი გამოსახულება საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პლანეტის სილამაზე და სიმყიფე დავინახოთ".
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოდა 50 000-ზე მეტი ფოტო, მათგან ჟიურისა და ბუნების ისტორიის მუზეუმის მოკლე სიაში 25 მოხვდა, "ყინულის საწოლის" გამარჯვებას კი ხმის მიმცემთა რეკორდულმა რაოდენობამ - 75 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
People’s Choice Award-ის კონკურსში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს შემდეგმა ფოტოებმაც:
ბედნიერი კუ

ზაჰი ფინკელშტაინმა ეს მომენტი ბალკანური ტბის კუსა და ჩრდილოეთის ზოლიან ნემსიყლაპიას შორის, ისრაელში, იზრეელის ველზე ფრინველების გადაღებისას აღბეჭდა.
"ნემსიყლაპია კუს ცხვირზე მოულოდნელად დაეშვა, მაგრამ , იმის, მაგივრად, რომ მწერი დაეჭირა, კუმ, როგორც ჩანს, ინტერაქციისას სიამოვნება განიცადა". - თქვა ბუნების ისტორიის მუზეუმმა.
შოშიების გუნდი

დანიელ დენჩესკუმ რომში უღრუბლო ზამთრის დღეს შოშიების დევნაში საათები გაატარა, სანამ მათმა გუნდმა გიგანტური ფრინველის გამოსახულება არ შეკრა.
მშობლის როლის გაზიარება

მარკ ბოიდის ამ ფოტოზე აღბეჭდილია ორი დედალი ლომი, რომლებიც მშობლის მოვალეობას ინაწილებენ და კენიის მასაი მარაში პრაიდის ერთ-ერთ ბოკვერს უვლიან.
ავრორალური მედუზები

ოდუნ რიკარდსენმა ავრორა ბორეალესის, იგივე ჩრდილოეთის ნათების შუქით განათებული მედუზების ფოტო ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ტრომზოსთან მდებარე ფიორდში გადაიღო.