სურამი

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა – ხაშურის მერი

ტელეკომპანია თრიალეთი

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც ადგილობრივი 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი უკვე უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის 10 მოქალაქის სასტუმროში გადაყვანა და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და გაუმართლებელი წინააღმდეგობა არ გაწიონ, ვინაიდან ეს რეკომენდაციები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია". - წერს ხაშურის მერი Facebook-ზე.

ხაშურის მერის თქმით, 9 თებერვლის დილიდან გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივლენ, მეწყრულ პროცესებს შეისწავლიან და როგორც მომხდარ, ისე არსებულ რისკებს შეაფასებენ.

"გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგეგ, შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად შემჭიდროებულ ვადებში იმოქმედებს. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს". - წერს თენგიზ ჩიტიაშვილი.

კომენტარები