რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა აპირებს, ისრაელის დახმარება, უკრაინის გარეშე მიიღოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი
Bill Clark / CQ Roll Call via AP file

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას ისრაელისთვის $17.6 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას კენჭს უყრის. ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელებს შაბათს, 3 თებერვალს, აცნობა. მან ასევე აშშ-ს სენატი ისრაელის დახმარებისთვის უკრაინის საკითხის მიერთების მცდელობისთვის გააკრიტიკა.

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა. თუმცა, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხები ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. მას შემდეგ, უკრაინისადმი დახმარების საკითხი ჩიხში რჩება, ხოლო ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო.

აშშ-ს სენატს სურს, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარება, ასევე ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად დაფინანსება, ერთიანად მიიღოს. თუმცა, მაიკ ჯონსონის თქმით, სენატის კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან იგი საკმარისი არ არის აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

თეთრი სახლის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელის დახმარებისთვის ცალკეულ კანონპროექტს არ ემხრობა. მანამდე, ნოემბრის თვეში, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტს ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს.

დღეს, 4 თებერვალს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ კანონპროექტს თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერიც გამოეხმაურა და რესპუბლიკელი კონგრესმენების ქმედებას "ცინიკური პოლიტიკური მანევრი" უწოდა.

"თვეების განმავლობაში ( რედ. ბაიდენის) ადმინისტრაცია სენატორების ორპარტიულ ჯგუფებთან ეროვნულ უსაფრთხოებაში შეთანხმებაზე მუშაობდა, რათა ჩვენი საზღვარი დავიცვათ და ისრაელის, უკრაინის ხალხს დახმარება მივაწოდოთ". - ამბობს ჟან-პიერი.

მისი თქმით, "ისრაელის უსაფრთხოების საკითხი წმინდა უნდა იყოს, და არა - პოლიტიკური თამაში". იგი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს სენატის მიბაძვისკენ და ორპარტიული თანხმობისთვის გზის გამონახვისკენ მოუწოდებს.

კომენტარები