ამელია ერჰარტი

წყნარ ოკეანეში, შესაძლოა, ამელია ერჰარტის 87 წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს

ამელია ერჰარტი
Getty Images

აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, მკვლევარ ტონი რომეოს სჯერა, რომ წყნარ ოკეანეში 87 წლის წინ გაუჩინარებული ამელია ერჰარტის თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვა.

რომეო აღმოჩენის დასადასტურებლად მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალ წელს წყალქვეშა დრონის გამოყენებით მისიის დაწყებას გეგმავს.

"ის ამერიკის ყველაზე ცნობილი დაკარგული ადამიანია, არა? სანამ ის დაკარგულია, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც მის პოვნას ეცდება. ძალიან ამაღელვებელი იქნება ჩვენთვის, თუ ამ ამბის დამთავრებას შევძლებთ და ამელიას სახლში დავაბრუნებთ". - თქვა მან.

რომეოს, რომელიც ამჟამად კერძო საძიებო კომპანიის, Deep Sea Vision-ის აღმასრულებელი დირექტორია, სჯერა, რომ ერჰარტის თვითმფრინავის ნამსხვრევები ჰავაის კუნძულებსა და ავსტრალიას შორის, ჰოულენდის კუნძულიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით ოკეანის ფსკერზე, 5 000 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.

წყალქვეშა დრონის ჰიდროლოკატორის გამოყენებით მიღებულ გამოსახულებაზე, რომელიც Deep Sea Vision-ის 16-კაციანმა ჯგუფმა გასული წლის ბოლოს ოკეანის ფსკერის 13 400 კვადრატული კილომეტრის ფართობის გამოკვლევის შედეგად მოიპოვა, ჩანს თვითმფრინავის მაგვარი გამოსახულება, რომელიც, რომეოს თქმით, ერჰარტის თვითმფრინავის ზომას და მახასიათებლებს ემთხვევა.

დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ვარაუდობს, რომ ამელიას საწვავი გაუთავდა და თვითმფრინავი ოკეანის ზედაპირზე დასვა, მოგვიანებით კი ის ჩაიძირა.

"პირველი ნაბიჯია ამის დადასტურება. შემდეგი ნაბიჯი, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მისი ზედაპირზე ამოტანა და აღდგენა იქნება". - თქვა რომეომ და აღნიშნა, რომ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ამერიკელი მფრინავი, ამელია ერჰარტი, იყო მსოფლიოში მეორე ადამიანი და პირველი ქალი, ვინც ატლანტის ოკეანეს მარტომ და გაუჩერებლად გადაუფრინა. პირველად ეს ერჰარტამდე 5 წლით ადრე, 1932 წელს, ასევე ამერიკელმა მფრინავმა, ჩარლზ ლინდბერგმა შეძლო.

1937 წელს ამელიამ შტურმან ფრედ ნუნანის დახმარებით მსოფლიოსთვის შემოფრენა სცადა. მისიის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ის იქნებოდა პირველი ქალი, ვინც ეს მოახერხა, თუმცა, თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე გაუჩინარდა.

იმავე წელს აშშ-ს მთავრობამ ერჰარტის თვითმფრინავის მოძებნა მასშტაბური მისიით უშედეგოდ სცადა.

კომენტარები