ბერლინალე 2024

ბერლინალეზე კინოცენტრს გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტიც წარადგენენ – PUBLIKA

პუბლიკის ინფორმაციით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი დავით ვაშაძე, რომელიც აქამდე ორგანიზებას უწევდა კინოცენტრის წარდგენას ბერლინალესა და კანის კინოფესტივალებზე, ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებებზე ორგანიზაციის სახელით მხოლოდ კინოცენტრის 4-6 თანამშრომელი მონაწილეობდა. ამასთან, როგორც პუბლიკა წერს, ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე ესტონეთის კინოინსტიტუტს 9 წარმომადგენელი ეყოლება, ჩეხეთის კინოფონდს – 5, საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს კი – 8;

გამოცემამ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე საქართველოს კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები. პუბლიკის ცნობით, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი ბერლინალეზე გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს. კინოცენტრმა დელეგაციის 32 წევრიდან 11 კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერად გააფორმა. 

გური სულთანიშვილი პუბლიკასთან საუბარში ამბობს, რომ ბერლინალეზე გასაშუქებლად მიემგზავრება და ხარჯებს კინოცენტრი დაფარავს. ასევე, 200 ლარს გადაუხდიან ერთჯერადი ანაზღაურების სახით.

"გამოქვეყნდება ჩემს პირად Youtube-არხზე. ახალი წამოწყება მაქვს სრულიად ჩემი და დამოუკიდებელი. სამოგზაურო ბლოგი, რომლის სამუშაო სახელია "აღმოაჩინე ქალაქი“, მაგის ფარგლებში იქნება ეს და განთავსდება ამ არხზე“, – ამბობს სულთანიშვილი.

დელეგაციის წევრებს შორის არიან კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამთა ახალაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე გოფოძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში გიორგი აგლაძე.

გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, ბერლინალეს კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია: ტელეკომპანია იმედის სახე ნინი ბადურაშვილი. ასევე, ამავე არხის ოპერატორი და ჟურნალისტი.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები