რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 28 იანვრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა 8 დრონი და 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს.

"2024 წლის 28 იანვრის ღამეს მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებიდან შაჰედის ტიპის 8 დრონითა და ვორონეჟის ოლქიდან 2 ისკანდერის რაკეტით მიიტანა იერიში". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

გარდა ამისა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან გასროლილია ორი C-300 ტიპის მართვადი რაკეტა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა პოლტავის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.

საჰაერო ძალების მობილური ჯგუფების მიერ განადგურებულია 4 უპილოტო საფრენი აპარატი.

შეიარაღებული ძალების პრესცენტრის განმარტებით ამჟამინდელი მონაცემებით ბალისტიკური შეტევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

გასულ 24 საათში ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ ქვედანაყოფებს შორის 79 სამხედრო შეტაკება მოხდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყოველდღიურად ბომბავს. 

კომენტარები