საბაჟოს საერთაშორისო დღე

მინისტრის თქმით, მებაჟეებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა აღრიცხეს

საქართველოს მთავრობა

საბაჟოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, განაცხადა, რომ სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა აღრიცხეს.

"სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1 770 შემთხვევა გვაქვს. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას" - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დაახლოებით, 1 000 შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბიზნესოპერატორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს.

"როდესაც ბიზნესოპერატორები ვერ ერკვევიან ან უნდათ გაერკვნენ სანქციების ნაწილში, ისინი პრევენციულად წინასწარ აცნობებენ საბაჟო ორგანოს, რაც კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ სანქციების აღსრულების მიმართულებით" - აღნიშნავს ხუციშვილი.

კომენტარები