პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის საქმე – სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ტაბულა

საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის საქმის არაეფექტიანად გამოძიების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. 

საქმე ეხება 2017 წელს ერთ-ერთ საჯარო ბაღში აღმზრდელის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტს, რაზეც ბავშვის მშობელმა მიმართა პოლიციას, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. 2018 წელს მოითხოვეს ბავშვის დაზარალებულად ცნობა, თუმცა პროკურატურამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ კი მიმართეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს. 

2022 წელს კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი, რაც ბავშვის ძალადობისგან დაცვას გულისხმობს. 

"კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი". - წერს PHR. 

ამის საფუძველზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა კომპენსაციის გაცემა ბავშვზე.

კომენტარები