რუსეთი

პერმელ დეპუტატს, რომელმაც პუტინს ურჩხული უწოდა, მანდატი ჩამოართვეს და პარტიიდან გარიცხეს

სერგეი მედვედევი
Newsko.ru

ქალაქ პერმის დუმის დეპუტატს, სერგეი მედვედევს, რომელმაც პუტინს ურჩხული უწოდა, მანდატი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი რუსეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.

31 დეკემბერს მედვედევმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ანტისამთავრობო პოსტი:

"დაე ჩაძაღლდეს ის, ვინც ეს სისხლიანი სასაკლაო წამოიწყო! დაე რისხვა დაატყდეთ მათ, ვინც ასიათასობით ადამიანი გააუბედურა!

საშინელი სანახავია, თუ რად იქცა რუსეთი. მოტყუებულო, საკუთარი ბოღმისგან გაგიჟებულო ხალხო, გონს მოდით!

გაიღვიძე რუსეთო! შენ გკლავენ!

საშინელებაა იმის გააზრება, რომ ურჩხული, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო, კიდევ ერთხელ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

მინდა დასრულდეს ომი! 

მინდა ვიხილო პუტინისგან თავისუფალი რუსეთი". 

11 იანვარს პოსტის სქრინები გავრცელდა პროპუტინისტურ Telegram არხებში. რის შემდეგაც რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომლის წევრი მედვედევი იყო, ჯერ პარტიიდან, შემდეგ კი პერმის საქალაქო დუმის ფრაქციიდან გაათავისუფლა. 

15 იანვარს მედვედევმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ საგამოძიებო სამსახური დაუკავშირდა და პოლიციის განყოფილებაში დაიბარა.

მედიის ცნობით მედვედევმა რუსეთი დატოვა და ყაზახეთის გავლით საქართველოში ჩამოვიდა. თავად ყოფილი დეპუტატი ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარები