საქართველო-რუსეთი

POLITICO: საქართველო პუტინის გზას მიჰყვება

ტაბულა

Politico აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სათაურით "საქართველო პუტინის გზას მიჰყვება". ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო წლებში აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებისა, "პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში" ვითარება დაღმავალია და ის პირიქით, შორდება ევროკავშირს და "სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას".

"დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ [...] ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ". - ეუბნება Politico-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, ალექსანდრა საბუ.

მკვლევარი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის შემოღების მცდელობასა და მის საწინააღმდეგო აქციებს იხსენებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მსგავსებას პუტინის უცხოელი აგენტების კანონთან.

"2023 წლის მარტში საქართველომ პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონის დანერგვა სცადა, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა. კანონი იყო "ერთგვარი კოპირება რუსეთიდან, ზოგიერთი [...] ადგილობრივი ელემენტებით - მაგრამ მსგავსება აშკარა იყო", - თქვა საბუმ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსის მიხედვით, საქართველომ ასევე განიცადა ჩაძირვა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის კუთხით - რაც ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს". - ვკითხულობთ Politico-ს სტატიაში.

ალექსანდრა საბუს აღნიშვნით, მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა, ქვეყნის უკუსვლა ფაქტობრივად ყველა სფეროში შეინიშნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილს იკავებს. ამ სიაში მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზე კი უკრაინაა. აღნიშნული კვლევის ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის მიერ მიღწერული პროგრესი ფასდება.

კომენტარები