ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერაყში აშშ-ის ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს

Getty Images

20 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, აინ ალ-ასადზე, იერიში მიიტანეს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ავიაბაზის მიმართულებით ირანის მხარდაჭერილმა ტერორისტებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. 

როგორც Reuters-ს ამერიკელმა თანამდებობის პირმა ანონიმურად უთხრა, თავდასხმის შედეგად აშშ-ის სამხედრო პერსონალმა მცირე დაზიანებები მიიღო. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი პერსონალის ნაწილი ტვინის ტრავმატული დაზიანებებზე სამედიცინო შემოწმებას გადის. გარდა ამისა, ერაყის უსაფრთხოების სამსახურის, სულ მცირე, ერთი თანამშრომელი დაშავდა. 

ცენტრალური სარდლობა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, ხოლო ზოგი სამიზნეს მოხვდა. ამჟამად დაზიანებების დონის შეფასება მიმდინარეობს. 

ღაზაში ისრაელსა და ირანის მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფს, ჰამასს, შორის ომის დაწყებიდან დღემდე პროირანულმა დაჯგუფებებმა აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე ერაყში, სულ მცირე, 58-ჯერ, ხოლო სირიაში 83-ჯერ მიიტანეს იერიში

თავდასხმამდე, Reuters-ის ინფორმაციით, 20 იანვარს ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წარმომადგენელი ემსხვერპლა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ ერაყში, ქურთისტანის რეგიონში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის ჯაშუშების შტაბზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.

აფეთქები აშშ-ს საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. თავდასხმის შედეგად, ქურთისტანის უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ექვსი ადამიანი.

აშშ-ს სირიაში 900, ხოლო ერაყში 2 500 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

აშშ-ს მეთაურობით სამხედრო ძალები ერაყში 2003 წელს პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად და მასობრივი განადგურების იარაღის გასანეიტრალებლად შეიჭრნენ. მოგვიანებით, აშშ-ს ძალებმა ერაყი 2011 წელს დატოვეს, თუმცა 3 წლის შემდეგ ერაყის მთავრობის თხოვნით ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დაბრუნდნენ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო 2017 წელს დამარცხდა, რის შემდეგაც აშშ-ს სამხედრო ძალები ქვეყანაში დარჩნენ, რათა ჯგუფისთვის ძალების აღდგენის საშუალება არ მიეცათ.

კომენტარები