ირანი-პაკისტანი

პაკისტანი: ირანმა საჰაერო სივრცე დაარღვია – არაპროვოცირებულ იერიშში ორი ბავშვი მოკლეს

Iranian Army Office/ZUMA Wire/IMAGO Image

16 იანვარს ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების "ჯაიშ ალ-ადლის" პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თუმცა, მალევე სამთავრობო მედიამ აღნიშნული ცნობები ახსნის გარეშე აიღო.

მოგვიანებით, პაკისტანმა გაავრცელა განცხადება, რომ ირანის იერიშებმა ორი ბავშვი მოკლა, ხოლო კიდევ სამი დაიჭრა. პაკისტანის თქმით, ეს ირანის მხრიდან მათი საჰაერო სივრცის "არაპროვოცირებული დარღვევა" იყო.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის იერიშებთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გაავრცელა. მინისტრის თქმით, "პაკისტანი მტკიცედ გმობს ირანის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის არაპროვოცირებულ დარღვევას, რასაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი გოგო კი დაიჭრა".

"პაკისტანის სუვერენიტეტის აღნიშნული დარღვევა სრულად მიუღებელია და შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს". - წერია პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ირანული მედიის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ცნობებით, ირანმა ბელუჯისტანის ტერორისტების ორ სამხედრო ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. ჯაიშ ალ-ადლი სუნიტური პაკისტანში, ირანის საზღვართან მოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც ახალ ზელანდიას, აშშ-ს, ირანსა და იაპონიას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თქმით, ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში "ისრაელის ჯაშუშების შტაბზე" იერიში მიიტანეს, ხოლო სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებსაც დაარტყეს.

ირანის მიერ დასავლეთ პაკისტანში დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიში ორ ქვეყანას შორის, რომელთაგანაც პაკისტანი ატომური იარაღის მფლობელია, ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის საფრთხეს ქმნის.

კომენტარები