წყალდიდობა ბრაზილიაში

რიო დე ჟანეიროში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილიის სახანძრო სამსახურის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა.

სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულების ნაწილი მეწყერს ემსხვერპლა, ნაწილი კი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა ან დაიხრჩო. ერთ-ერთი ქალი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიტბორა რიო დე ჟანეიროს ქუჩების ნაწილი. ზოგიერთ რაიონში წყალმა საცხოვრებელი სახლების სახურავებამდე მიაღწია. შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, სტიქიის გამო მეწყრის ჩამოწოლის საფრთხე კიდევ რვა ქალაქში არსებობს. მთავრობა კი დაზარალებულების დახმარებისთვის დამატებით თანხებს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფს.

კომენტარები