სამხრეთ კორეა-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Rodong Sinmun

სამხრეთ კორეის არმიის თავდაპირველი ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ზღვისკენ გაისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ 1000 კილომეტრი იფრინა და ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარედ ჩამოვარდა.

მოგვიანებით, ორშაბათს ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ KCNA განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ მყარი საწვავის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა. KCNA-ის თქმით, რაკეტის გამოცდა მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

მომხდარის შემდეგ სამხრეთ კორეის არმიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩრდილოეთ კორეას ბრალი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაში დასდო და ამ ქმედებას პროვოკაცია უწოდა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

აშშ-ს თქმით, ამ რაკეტის გაშვებას მყისიერი საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა, მომხდარმა კიდევ ერთხელ გაუსვა იმ ფაქტს ხაზი, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებმა რეგიონში არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება განაპირობა. 2023 წლის ბოლოს ჩრდ. კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 15 000 კილომეტრის რადიუსის მქონე იყო. ხოლო იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ ორი დღის განმავლობაში საზღვართან 260-მდე ჭურვი ისროლა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.

13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.

კომენტარები