სახელმწიფო დროშის დღე

პრემიერი: სახელმწიფო დროშა ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

დროშა ჩვენს დიდ ისტორიას ინახავს და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას ერთი მიზნისკენ მიმართავს - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. ის ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს მშვიდობასა და ერთიანობას იცავენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით საქართველოს გაძლიერებას ემსახურება. ჩვენს სამშობლოს მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ.

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს.

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

კომენტარები