პლასტმასი

მეცნიერებმა ერთ ლიტრ პლასტმასის ბოთლის წყალში საშუალოდ 240 000 უხილავი ნაწილაკი იპოვეს

საშუალოდ ყოველი ერთი ლიტრი წყლის პლასტმასის ბოთლი 240 000-მდე უხილავ ნანოპლასტმასის ნაწილაკს შეიცავს. ეს წინა გათვლებზე 10-100-ჯერ მეტი რიცხვია. მეცნიერებმა ამის დადგენა ორმაგი ლაზერის მქონე მიკროსკოპით პირველად შეძლეს.

მანამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ პლასტმასის ბოთლის წყალი უამრავ მიკროსკოპულ პლასტმასის ნაწილაკს შეიცავდა, თუმცა, Columbia-სა და Rutgers-ის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა ზუსტი რაოდენობის გამოთვლა მოახერხეს.

მეცნიერებმა სამი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ბოთლის წყლის ბრენდის ხუთ-ხუთი ნიმუში აიღეს და აღმოჩნდა, რომ მათში ნაწილაკების დონე 110 000-დან 400 000-მდე მერყეობდა, რაც თითოეულ წყლის ბოთლზე საშუალოდ 240 000 პლასტმასის ნაწილაკი გამოდის.

ნაწილაკების ზომა ერთ მიკრომეტრს არ აღემატება. შედარებისთვის, ადამიანის თმის სისქე 83 მიკრომეტრია. როგორც ჩანს, პლასტმასის ნაწილაკების უმეტესობა ბოთლიდან და იმ ფილტრიდან მოდის, რომლის დანიშნულებაც სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების შეკავებაა.

ჯერჯერობით დასადგენი რჩება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ნანოპლასტმასის ნაწილაკები სხეულისთვის. გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის ფიბი სტეიპლტონის თქმით, "ეს ამ ეტაპზე კვლევის საგანია. ჩვენ არ ვიცით არის თუ არა სახიფათო ან რამდენად სახიფათოა. რაც ვიცით არის ის, რომ ისინი (ძუძუმწოვრების, ადამიანების) ქსოვილებში აღწევენ და ამჟამად ვიკვლევთ, თუ რა ზემოქმედება აქვთ მათ უჯრედებზე".

კომენტარები