რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საერთო ევროპული ჯარი გვჭირდება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი
REUTERS

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის თქმით, ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებასა და კონფლიქტების თავიდან არიდებაში წვლილს შეიტანს.

იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან საუბრისას ტაიანიმ განაცხადა, რომ თავდაცვის მხრივ უფრო მჭიდრო ევროპული თანამშრომლობა პარტია Forza Italia-ის, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, პრიორიტეტია.

"თუკი გვსურს, მსოფლიოში სამშვიდობო ძალები ვიყოთ, მაშინ ევროპული ჯარი გვჭირდება და ეს ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის ფუნდამენტური წინაპირობაა". - განაცხადა ტაიანიმ ინტერვიუში.

საერთო ევროპული არმიის შექმნის იდეას მრავალწლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად ეს წინადადება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაჩნდა. ევროპული თავდაცვისთვის საერთო ჯარის შექმნის მომხრე ფრანგი დიპლომატი ჟან მონე იყო, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ "დამფუძნებელ მამად" მიიჩნევა. თუმცა, ამ იდეის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა.

ბოლო პერიოდში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ თავდაცვის სფეროში საერთო ევროპული თანამშრომლობის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება განაპირობა.

კომენტარები