აშშ

Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა

4 876 მეტრის სიმაღლეზე მომხდარი ინციდენტის დროს, მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები მიაწოდეს
ELIZABETH/CBS NEWS

Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა, რის გამოც აშშ-ს ორეგონის შტატში ავარიულად დაშვება მოუწია.

Boeing 737 Max 9 პორტლენდიდან კალიფორნიაში უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან 35 წუთში, კორპუსის გარე ნაწილისა და ფანჯრის დაკარგვის შემდეგ, უკან დაბრუნდა.

Alaska Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 177 ადამიანი იმყოფებოდა და თვითმფრინავი "უსაფრთხოდ დაეშვა".

ავიაკომპანიის თქმითვე, ისინი 65-ივე Boeing 737 Max 9-ს დროებით გააჩერებენ და მათ ინსპექტირებას ჩაუტარებენ.

"თითოეული თვითმფრინავი ექსპლუატაციაში მხოლოდ სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ დაბრუნდება". - აღნიშნა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ მინიკუჩიმ.

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ დაადასტურა, რომ Alaska Airlines-ის რეისი უსაფრთხოდ დაეშვა.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები