ბანკის დაყაჩაღება

პროკურატურა: TBC ბანკზე ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

თბილისში, TBC ბანკზე ყაჩაღური თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე TBC ბანკის ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, ბანკის თანამშრომლებს თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა, განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი 3 იანვარს შეიჭრა.

კომენტარები