ინტელექტუალური საკუთრება

მიკი მაუსის ადრეული ვერსია საჯარო საკუთრებაში გადავიდა

მიკი მაუსი "თბომავალი უილი"-დან, 1928
LMPC/Getty Images

აშშ-ში 2024 წლის 1-ელ იანვარს ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი მიკი მაუსი, რომელიც უოლტ დისნეის მოკლე ფილმში "თბომავალი უილი" 1928 წელს გამოჩნდა, საჯარო საკუთრებაში გადავიდა. მიკი მაუსთან ერთად უოლტ დისნეის კომპანიამ საავტორო უფლებები ათასობით სხვა, 1928 წლით დათარიღებულ, ნამუშევარზე დაკარგა, მათ შორის მინი მაუსზეც.

მიკი მაუსი Disney-ს მთავარი სახე და ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. კანონმდებლობის მიხედვით, საავტორო უფლებებით სარგებლობა 95 წლის განმავლობაშია შესაძლებელი, რის შემდეგაც ინტელექტუალური საკუთრება საჯარო საკუთრებაში გადადის.

უოლტ დისნეის კომპანიას მიკი მაუსის მომდევნო ვერსიებზე საავტორო უფლებები ჯერ კიდევ აქვს. შესაბამისად, როგორც Disney-ს წარმომადგენელმა CNN-თან განაცხადა, "თბომავალი უილის საავტორო უფლებების ამოწურვას მიკის თანამედროვე ვერსიებზე გავლენა არ ექნება, ხოლო მიკი გააგრძელებს იყოს უოლტ დისნეის კომპანიის გლობალური წარმომადგენელი ამბების მოთხრობის, თემატური პარკებისა და საქონლის გაყიდვის მხრივ".

როდესაც ნამუშევარი საჯარო საკუთრებაში გადადის, მისი გაზიარება და სხვა მიზნებისთვის გამოყენება ლეგალურად, ყოველგვარი გადასახადებისა და ნებართვის გარეშე შეიძლება. ამან შეიძლება ყველასთვის ცნობილი ნამუშევრის მოულოდნელი გადაკეთება გამოიწვიოს. მაგალითად, 2022 წელს ალან მილნის "ვინი პუჰი" საჯარო საკუთრებაში გადავიდა და მომდევნო წელსვე იგი საშინელებათა ფილმში "ვინი პუჰი: სისხლი და თაფლი" გადაიღეს. 

კომენტარები