რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაზე იერიშის დროს რუსეთმა შემთხვევით საკუთარი სოფელი დაბომბა

რუსეთის საჰაერო ძალებმა ბომბი შემთხვევით ვორონეჟის ოლქში, საკუთარ სოფელ პეტროპავლოვკაში ჩამოაგდეს.

როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაწერა, შემთხვევის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი და არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ 2 იანვრის დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 9 საათზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავის ფრენის დროს პეტროპავლოვკის თავზე "მოხდა საჰაერო საბრძოლო მასალის არასაშტატო გაშვება".

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც აფეთქების შედეგად დაზიანებული სოფელი ჩანს.

გასულ ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვსა და კიევზე. დარტყმების ფარგლებში 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. იერიშების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური იერიშები მიაქვს. თავდაპირველად, ბოლო პერიოდში უდიდესი დარტყმები 30 დეკემბრის გამთენიისას მიიტანა. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს ბელგოროდზე საპასუხო დარტყმებით უპასუხა. რუსეთის ინფორმაციით, ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. როგორც უკრაინულ მედიასთან თავდაცვის წყაროები ამბობდნენ, ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო. ბელგოროდზე იერიშს რუსეთის დარტყმები მოჰყვა ხარკოვსა და სხვა რეგიონებზე.

კომენტარები