რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: აშშ-მ $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა G7-ს წარუდგინა

რუსეთის ცენტრალური ბანკი
REUTERS/Shamil Zhumatov/File Photo

აშშ-მ წამოაყენა წინადადება, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამუშაო ჯგუფებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის $300 მილიარდის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციის გზები განიხილონ.

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხზე დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა ისაუბრეს და განიხილეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს მსგავსი პოლიტიკა და რა რისკებს შეიცავს ის.

ჯერჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამ მხრივ მუშაობის დაჩქარება დასავლეთისთვის უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების გამოყენების მნიშვნელობას ასახავს.

აშშ-მ, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და კანადის მხარდაჭერით, აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების წინადადება წამოაყენა, რათა დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრისთვის, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის თებერვლისთვის შედგება, აქტივების კონფისკაციის მხრივ შესაძლებლობების კარი ღია იყოს.

ამერიკის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, სამი სამუშაო ჯგუფი კონფისკაციასთან დაკავშირებულ ლეგალურ პრობლემებს გამოიკვლევს, თუმცა, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ევროკავშირს, ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ეჭვები აქვთ.

29 დეკემბერს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთი ფლობს აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების იმ აქტივების სიას, რომელთა ჩამორთმევაც რუსეთს შეუძლია, და რუსეთი ამ აქტივებს კონფისკაციას იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუკი დიდი შვიდეულის ლიდერები $300 მილიარდის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებს შეეხებიან.

პესკოვის თქმით, ნებისმიერი მსგავსი მოქმედება დასავლეთის მხრიდან იგივე იქნება, რაც ქურდობა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

"ეს ძირს გამოუთხრის საერთაშორისო ეკონომიკას". - თქვა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები