2023 წლის საუკეთესო სიმღერები

2023 წლის 10 საუკეთესო სიმღერა

2023 წლის საუკეთესო სიმღერები

2023 წლის 10 საუკეთესო სიმღერა

2023 წლის ბოლოს გთავაზობთ მიმდინარე წლის 10 საუკეთესო კომპოზიციას. სიაში შესულმა ნამუშევრებმა წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

10. Noname - Namesake

Namesake ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Noname-ის რიგით მეორე ალბომის Sundial ერთ-ერთი ტრეკია. სტუდიურმა ჩანაწერმა მუსიკალური კრიტიკოსების საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

9. Mitski – My Love Mine All Mine

იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ინდი როკ შემსრულებელმა, Mitski-მ 2023 წელს რიგით მეშვიდე ალბომი The Land Is Inhospitable and So Are We გამოსცა. My Love Mine All Mine კი ამ ალბომის მთავარი ჰიტია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. კომპოზიცია გამოცემა Billboard-ის TikTok კატეგორიის ჩარტს კვირების განმავლობაში ლიდერობდა.

8. Doja Cat - Attention

2023 წელს გრემის მფლობელმა ამერიკელმა რეპერმა და პოპ შემსრულებელმა, Doja Cat-მა რიგით მეოთხე ალბომი Scarlet გამოსცა. პოპისგან დისტანცირებულ და ჰიპ ჰოპისა და არენბის ირგვლივ გაერთიანებულ ჩანაწერში არაერთი გამორჩეული ტრეკია. Attention გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიციისა და საუკეთესო მელოდიური ჰიპ ჰოპ შესრულების კატეგორიებშია წარდგენილი.

7. Depeche Mode - Ghosts Again

Ghosts Again ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Depeche Mode-ის 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული ტრეკია. ჯგუფის 43-წლიან კარიერაში რიგით მეთხუთმეტე ალბომი Memento Mori პირველი ჩანაწერია, რომელიც დეივ გაანმა და მარტინ გორმა, Depeche Mode-ის თანადამფუძნებლის, ენდი ფლეტჩერის გარდაცვალების შემდეგ გამოსცეს.

6. Boygenius - Not Strong Enough

ამერიკული ინდი სუპერჯგუფი Boygenius მუსიკოსების, ჯულიენ ბეიკრის, ფიბი ბრიჯერსისა და ლუსი დეიკესის კოლაბორაციული პროექტია. კოლექტივმა 2023 წელს სადებიუტო ალბომი The Record გამოსცა. Not Strong Enough კი ამ ჩანაწერის გამორჩეული კომპოზიციაა, რომელიც გრემის რამდენიმე ძირითად კატეგორიაშია ნომინირებული.

5. Billie Eilish – What Was I Made For?

7 გრემის მფლობელმა 22 წლის მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპოზიცია What Was I Made For? მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომედიისთვის, Barbie-სთვის დაწერილი ერთ-ერთი საუნდტრეკია. ნამუშევარი გრემის დაჯილდოებაზე ერთბაშად 5 ნომინაციაზე, მათ შორის, წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშია წარდგენილი.

4. Blur - The Narcissist

The Narcissist ცნობილი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფის, Blur-ის რიგით მეცხრე ალბომის, The Ballad of Darren-ის სინგლია. 8-წლიანი პაუზის შემდეგ კოლექტივის მიერ გამოშვებულმა პირველმა სიმღერამ მსმენელების იმედი გაამართლა და კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა.

3. Olivia Rodrigo – Vampire

20 წლის კალიფორნიელმა მუსიკოსმა 2023 წელს რიგით მეორე ალბომი Guts გაავრცელა. გრემის 2 ნომინაციაზე წარდგენილ ჩანაწერში არაერთი გამორჩეული სიმღერაა, თუმცა, Vampire-მა მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კომპოზიცია გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო ჩანაწერისა და საუკეთესო პოპ შესრულების კატეგორიაშია წარდგენილი.

2. SZA - Kill Bill

2023 წელი ამერიკელი არენბი შემსრულებლის, SZA-ს კარიერაში ყველაზე გამორჩეული წელია. 34 წლის არტისტი გრემის დაჯილდოებაზე ერთბაშად 9 ნომინაციაზეა წარდგენილი. მისი რიგით მეორე ალბომის, SOS-ის ჰიტი Kill Bill გრემიზე წლის საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო ჩანაწერისა და საუკეთესო არენბი შესრულების კატეგორიაშია წარდგენილი.

1. Lana Del Rey - A&W

A&W პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის, ლანა დელ რეის რიგით მეცხრე ალბომის ერთ-ერთი სინგლია. კომპოზიცია გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშია წარმოდგენილი. 7-წუთიანმა ნამუშევარმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ წლის საუკეთესო ტრეკადაც დაასახელა. ჩანაწერის პროდუსერი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ჯეკ ანტონოვია, რომელთანაც ლანა არაერთი წელია თანამშრომლობს.

კომენტარები