რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლეშჩუკი: უკრაინამ რუსეთის სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.

ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.

ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.

თავდასხმაზე კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურს, სერგეი აკსიონოვს, მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ცნობა ხანძრის შესახებ და აღნიშნა, რომ პორტის მახლობლად მდებარე სახლებს დაცლიდნენ. მისი თქმით, სიტუაცია პირადად ჩაიბარა.

 

კომენტარები