ოცნება პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობას ამცირებს, ყრილობაზე 20-ის ნაცვლად, 15 წევრს აირჩევენ

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს პარტიის ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე განახლებულ პოლიტსაბჭოს დაამტკიცებენ, რომელშიც ეკატერინე ტიკარაძე და კახა კუჭავა აღარ იქნებიან.

"ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობა პოლიტიკურ საბჭოში აირჩევს თხუთმეტ წევრს, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული ოცი წევრისა" - აცხადებს ქართული ოცნება და აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

  • ირაკლი ღარიბაშვილი
  • კახა კალაძე
  • შალვა პაპუაშვილი
  • მამუკა მდინარაძე
  • დიმიტრი სამხარაძე
  • თეა წულუკიანი
  • ვახტანგ გომელაური
  • თორნიკე რიჟვაძე
  • გიორგი ვოლსკი
  • არჩილ თალაკვაძე
  • ირაკლი ჩიქოვანი
  • ანრი ოხანაშვილი
  • ნიკოლოზ სამხარაძე
  • მაკა ბოჭორიშვილი
  • მარიამ ქვრივიშვილი.

"პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ" - აღნიშნავს პარტია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საბჭოს შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართული პარტიულ საქმიანობაში, ჩვენ გვქონდა მათთან, რა თქმა უნდა, საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილნი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, შესაბამისად. დანარჩენი შემადგენლობა არის უცვლელი.

თავის დროზე დამტკიცდა პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით, ახლა ვამცირებთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, 15+1 ასეთი იქნება შემადგენლობა. რეალურად [კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე] აღარ იყვნენ ჩართულნი ბოლო პერიოდში პარტიულ საქმიანობაში, აქედან გამომდინარე, ერთად მივიღეთ ლოგიკური გადაწყვეტილება". - თქვა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები