ფასების ზრდა

ბებიამ ოჯახის წევრებისთვის საშობაო სადილის ფასი გაზარდა

დიდი ბრიტანეთში მცხოვრები ბებია, ქეროლაინ დადრიჯი ყოველწლიურად ოჯახის წევრებს საშობაო სადილზე პატიჟებს, თუმცა, კერძების მოსამზადებლად ოჯახის წევრებს გარკვეულ თანხას ახდევინებს.

როგორც დადრიჯმა BBC Radio 5 Live-ის ეთერში აღნიშნა, წელს მაღალი ინფლაციისა და საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების გამო მას ოჯახის წევრებისთვის სადილზე მოხვედრის გადასახადის გაძვირება მოუწია.

ქალის თქმით, წინა წელს მის 3 ქალიშვილს დაახლოებით 12.67 აშშ დოლარის გადახდა უწევდათ, წელს კი ეს ფასი 15.21 დოლარამდე გაიზარდა.

ქეროლაინ დადრიჯის თქმით, ოჯახის წევრებისთვის სადილის მოსამზადებელი გადასახადის გაზრდის ფონზეც კი არ არის დარწმუნებული, რომ მიღებული თანხა პროდუქტების ხარჯს ეყოფა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ საკმარისი იქნება, რადგან როდესაც მაღაზიაში რამდენიმე პროდუქტს ყიდულობ ფასი უკვე 30-40 ფუნტზე ადის, ჩანთა კი სავსეც არ არის". - უთხრა დადრიჯმა BBC-ს.

ამასთან, ქალი საშობაო სადილისთვის მის 2 ვაჟიშვილს 19 დოლარს ახდევინებს, 2 შვილიშვილს კი 3.15 დოლარს, თუმცა, ფასების ზრდა მათ წელს არ შეეხოთ.

"წელს ფასების 2 ფუნტით მომატება გოგოებისთვის მომიწია, რადგან ხალხი სექსიზმში მადანაშაულებდა – ხალხის აზრი არ მაღელვებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე". - აღნიშნა დადრიჯმა.

მისი განმარტებით, ვაჟიშვილებს წინა წლებში მეტს იმიტომ ახდევინებდა, რადგან ისინი სრული განაკვეთით მუშაობენ, ქალიშვილებს კი ნახევარ განაკვეთზე მუშაობა და ბავშვების მოვლა უხდებათ.

ამავდროულად, დადრიჯი განმარტავს, რომ ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან საშობაო შეკრება მის ოჯახში რამდენიმე დღე გრძელდება. მისი თქმით, მას საკვების ნაწილი საკუთარ მშობლებთანაც მიაქვს, რადგან ისინი სადილზე დასწრებას ზედმეტად თვლიან.

BBC-სთან საუბარში დადრიჯმა აღნიშნა, რომ გადასახადების დაწესება თავდაპირველად 2015 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

სადილზე დამსწრეები ქალს თანხას საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ, დადრიჯის თქმით, ის ამ გზით უკეთ აკონტროლებს, ვინმე ფულის გადახდას თავს ხომ არ არიდებს.

კომენტარები