რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, უნდა გვიხაროდეს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ომს არ წარმოადგენს. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ტერმინოლოგია გამოიყენა და ომი "სამხედრო ოპერაციად" მოიხსენია.

"ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ". – თქვა ორბანმა. 

მანამდე, ორბანი პეკინში პუტინს შეხვდა და მასთან საუბრისას ომი "სამხედრო ოპერაციად" მოიხსენია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ორბანი პირველი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინს ომის დანაშაულების გამო მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ შეხვდა. 

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ორბანმა ასევე თქვა, რომ პუტინთან სიტყვა "ომის" გამოყენებას არ მოერიდება , თუ მას "ეს დასჭირდება". 

ორბანის მიერ წარმოდგენილი უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის უკრაინის მხარდაჭერის ერთადერთი მოწინააღმდეგეა. ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა. ამასთან, ამ გადაწყვეტილების მთავარი ოპონენტიც ორბანი იყო.

კომენტარები