უფასო კვება სკოლებში

ამილახვარი: სწავლის პროცესში ბავშვების შიმშილი მაინცდამაინც უფულობის გამო არ ხდება

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სკოლაში უფასო კვების მოთხოვნაზე ისაუბრა, მისი მტკიცებით სკოლაში ბავშვების შიმშილი ხშირ შემთხვევაში საკვები ობიექტების ნაკლებობით არის გამოწვეული და ისინი სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობენ. 

"მინდა საზოგადოებას უბრალოდ განვუმარტო რომ, ყოველთვის არასწორად ხდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან კვლევის ინტერპრეტირება, კი იქ არის გარკვეული პროცენტი მოცული, რომ სწავლის პროცესში ბავშვები ასე ვთქვათ შიმშილს განიცდიან, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არ ხდება მაინცდამაინც უფულობის გამო, ეს ხდება იმიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, რომ ხელმისაწვდომობა არ არის სკოლაში თუ სკოლის გარშემო საკვების". - განაცხადა მინისტრმა. 

ამილახვრის განცხადებით მათ ეტაპობრივად დაიწყეს ამ საკითხის მოგვარება, რაც პირველ რიგში გულისხმობდა სკოლაში უკვე არსებული დაახლოებით ხუთასამდე სასადილოს მოწესრიგებას. შემოიღეს ჰიგიენური სტანდარტები, სურსათის უვნებლობა და დაადგინეს იმ პროდუქტების ნუსხა, რომლებიც სკოლაში დასაშვებია. 

მინისტრის თქმით, მეორე ეტაპი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. ამილახვარმა აღნიშნა, რომ ამჟამად 400-500 სკოლა არის რეაბილიტაციის პროცესში, "3 მაქსიმუმ 4 წლიან პერიოდში ჩვენ გვინდა ყველა საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები გადავჭრათ და ბუნებრივია ახლა ძალიან რთულია თქვა 2 წელიწადში დავიწყებთ სასკოლო კვებას, 1 წელიწადში თუ 3 წელიწადში, მაგრამ მე არ მინდა დაველოდო ამ პროცესს, ამიტომ ვამუშავებთ ჩვენ ახლა კონცეფციებს და ვფიქრობთ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ კონკრეტულად გავაკეთებთ უკვე და გამოვიტანთ სააშკარაოდ რა არის შესაძლებელი რომ დავიწყოთ". 

ბოლო ეტაპად მინისტრი საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და გათვალისწინებას ასახელებს, მისი თქმით, კვების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანდნენ, სადაც საუკეთესო პრაქტიკებს და მეთოდოლოგიებს იზიარებენ. 

"არავის არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ აქ ან ფულშია საქმე, ან სხვა რამეში როდესაც ბავშვების შიმშილობაზე ვსაუბრობთ, სოციალურად დაუცველებს თქვენ იცით, რომ თითოეულ ბავშვს 200 ლარს ვაძლევთ[...]ფულის მიცემით ეს საკითხი არ წყდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მივაწოდოთ". - თქვა განათლების მინისტრმა. 

კომენტარები