სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ

რომან აბრამოვიჩმა ევროკავშირის სანქციების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო

Eurosport

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წააგო

2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებსა და რიგ ბიზნესმენებს, მათ შორის აბრამოვიჩს, სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა. 

აბრამოვიჩმა ამის წინააღმდეგ ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბრიუსელის სასამართლომ ოლიგარქის სარჩელი უარყო და მას კომპენსაციის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

"საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს და, შესაბამისად, ინარჩუნებს მის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს". – წერია სასამართლოს დასკვნაში.

სასამართლომ ყურადღება რუსულ ფოლადის კომპანია Евраз-ში აბრამოვიჩის როლზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ფოლადი რუსეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

"სინამდვილეში, [ევროკავშირის] საბჭოს არ უყოყმანია თავის შეფასებაში, როცა გადაწყვიტა, სადავო სიაში ბატონი აბრამოვიჩის სახელი შეეყვანა და შეენარჩუნებინა, Евраз-ის ჯგუფში, კერძოდ მის მშობელ კომპანიაში, აბრამოვიჩის შესრულებული როლის ფონზე". – წერია დასკვნაში სანქცირებული პირების სიასთან დაკავშირებით.

აბრამოვიჩის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ის დადგენილებით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, სასამართლომ ევროკავშირის საბჭოს ზოგი არგუმენტი არ გაითვალისწინა, რომლებიც აბრამოვიჩის მტკიცებით, ყალბია.

კომენტარები