ჩინეთის საჯაშუშო საქმიანობა

ჩინელმა ჯაშუშებმა დასავლეთის გასახლეჩად ევროპელი პოლიტიკოსი გადაიბირეს – FT

ჩინეთის საჯაშუშო საქმიანობა

ჩინელმა ჯაშუშებმა დასავლეთის გასახლეჩად ევროპელი პოლიტიკოსი გადაიბირეს – FT

Financial Times-ის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული, იმავე სახელწოდების სტატიის თარგმანი

სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინელი ჯაშუშები ბელგიელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს მართავდნენ, რაც გვიჩვენებს, როგორ ახორციელებდა პეკინი გავლენის ოპერაციებს პოლიტიკის თავის სასარგებლოდ ჩამოყალიბების მცდელობისას.

დანიელ ვუმ, ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ჯაშუშური სააგენტოს ოფიცერმა, უბიძგა ფრანკ კრეილმანს, ყოფილ ბელგიელ სენატორს, გავლენა მოეხდინა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგში დემოკრატიის შეზღუდვიდან დაწყებულ და სინძიანგში უიღურების დევნით დამთავრებულ საკითხებზე ევროპაში მიმდინარე დისკუსიებზე.

2022 წლის ბოლოს, როდესაც კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტით მალე უნდა ჩასულიყო, ვუმ კრეიმენს სთხოვა დაერწმუნებინა ევროპარლამენტის ორი ულტრამემარჯვენე წევრი საჯაროდ ეთქვათ, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო ძირს უთხრიდნენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

"ჩვენი მიზანია გავხლიჩოთ აშშ-ევროპის ურთიერთობები". - დაწერა ვუმ კრეილმანისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში.

ჩინელი ოფიცრისა და ბელგიელი აგენტის ურთიერთობა დოკუმენტირებულია 2019 წლიდან 2022 წლის ბოლომდე გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით, რომლებიც Financial Times-მა, Der Spiegel-მა და Le Monde-მ ერთობლივი გამოძიების დროს უშიშროების დასავლური წყაროსგან მოიპოვეს.

კრეილმანმა ტექსტური ფორმით, ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით მასთან დაკავშირების მცდელობებს არ უპასუხა.

მიმოწერა ღია დეტალებით ავლენს იმას, თუ როგორ ცდილობს ჩინეთის დაზვერვა პეკინის სასარგებლოდ მანიპულირება მოახდინოს პოლიტიკურ დისკუსიაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით - საკითხი, რაზეც დასავლური უშიშროების სააგენტოები ყურადღებას სულ უფრო მეტად ამახვილებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყნების უმეტესობა ჯაშუშობაშია ჩართული, ევროპაში ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (MSS) ოპერაცია ხაზს უსვამს ჩინური ჯაშუშობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მახასიათებელს: ფართო გავლენის ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური დებატებისთვის კონკრეტული სახის მიცემას და რომლებიც ოტავას, ლონდონსა და კანბერას შორისაა გადაჭიმული. ვაშინგტონი ასევე არაერთხელ იძლეოდა გაფრთხილებებს პეკინის მიერ არჩევნებში ჩარევის ფარული მცდელობების შესახებ.

"MSS-მა ჩინეთზე პოლიტიკისა და გლობალური დისკურსის ჩამოყალიბებაში ათწლეულები დახარჯა. აკადემიკოსების, პოლიტიკის შემქმნელების, ბიზნეს ლიდერების და, როგორც ამ შემთხვევაში ჩანს, პოლიტიკოსების დაქირავება და მანიპულირება ამის ნაწილია". - თქვა ალექს იოსკემ, McGrathNicol-ის კონსულტანტმა და MSS-ის შესახებ წიგნის, ჯაშშები და ტყუილების ავტორმა.

ოთხი დასავლური ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, ვუ ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ჭეძიანგის განყოფილებიდან ოპერირებს. დასავლური დაზვერვა მას პოლონეთსა და რუმინეთში მოქმედებების დროსაც ადევნებდა თვალს.

2021 წლის ერთ-ერთ მიმოწერაში ვუმ კრეილმანს უთხრა, რომ მას დაევალა "შეტევა ედრიან ზენცზე", მკვლევარზე, რომელმაც ხელი შეუწყო ჩინეთის მიერ ქვეყნის შორეულ დასავლეთში მდებარე სინძიანგის რეგიონში ასობით ათასი, ძირითადად უიღური უმცირესობის დაკავების გამოააშკარავებას.

ვუმ კრეილმანს ასევე სთხოვა დახმარებოდა ტაივანზე კონფერენციის ჩაშლაში და წყვილმა განიხილა კათოლიკე კარდინალზე ზეგავლენის მოხდენისთვის საშუამავლოს გადახდაც, რათა ვუჰანიდან გავრცელებული ვირუსის გამო ჩინეთზე მზარდი ზეწოლის პარალელურად გაფრთხილება გაევრცელებინა, რომ არ შეიძლებოდა Covid-19-ის პოლიტიზება.

MSS-ზე გამოცდილების მქონე აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც მიმოწერის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, თქვეს, რომ შეტყობინებები ატარებდა უწყების კლასიკური პოლიტიკური გავლენის ოპერაციის დამახასიათებელ ნიშნებს.

"ისინი ასახავს MSS-ის აკვიატებას, რომ აშშ ჰონგ-კონგის პროტესტის უკან "შავი ხელი" იყო, სურვილს, მუდმივად ეძიოს შესაძლებლობა მესამე ქვეყნებში გამართული პრო-ტაივანური კონფერენციებისა და ღონისძიებების ჩაშლისა და მისიას, მოახდინოს მათი დისკრედიტაცია, ვინც სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ინფორმაციას ავრცელებს". - თქვა დენის უაილდერმა, ჩინეთის საკითხებზე CIA-ს ყოფილმა უფროსმა ანალიტიკოსმა, რომელიც ახლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მოღვაწეობს.

პიტერ მატისმა, CIA-ს კონტრდაზვერვის ყოფილმა ანალიტიკოსმა, თქვა, რომ ეს ასევე ასახავს ჩინეთის დაზვერვის მახასიათებელს: როგორ ანიჭებს MSS-ი ავტონომიას თავის რეგიონულ განყოფილებებს. "ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ პეკინი და MSS-ი აძლევენ მითითებებს, მაგრამ დაზვერვის ოფიცრები და წყაროები ერთად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს". - თქვა მატისმა, ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა.

ევროპაში მიღებული გამოცდილების მქონე CIA-ს ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ MSS-ის საქმის ოფიცრები კონტინენტზე უფრო დაბალი რანგის პოლიტიკოსების დაქირავებაზე ან თანამშრომლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, "რომლებიც თანაუგრძნობენ ჩინეთის მოტივებს ან სარგებლობენ ჩინეთის გულუხვი საჩუქრებით".

"ამ ქვედა რანგის პოლიტიკოსებმა დაამყარეს წვდომა მაღალჩინოსნებთან, რეგულარულად განიხილავენ მათთან სენსიტიურ თემებს და შემდეგ, მოპოვებულ ინფორმაციას ნებით თუ უნებლიეთ, უზიარებენ MSS-ს". - თქვა CIA-ს ყოფილმა ოფიცერმა.

ვუსა და კრეილმანს შორის ერთმა მიმოწერამ ეს სტრატეგია მკვეთრად გამოავლინა. ჩინელმა ოფიცერმა მიუთითა წარსულში ევროკომისიის ყოფილი გენერალური მდივნის, ერთ დროს ბრიუსელის ყველაზე გავლენიან მაღალჩინოსნებს შორის მყოფ მარტინ სელმაირის სამიზნედ ამოღების მცდელობებზე.

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი წარმატებული იყო ამ მცდელობაში. სელმაირმა, ამჟამად ავსტრიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კატეგორიულად უარყო აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის ფლობა და დასძინა, რომ მისი პასუხისმგებლობა არ არის "ახსნას აშკარად საეჭვო ხასიათის ადამიანებს შორის საკმაოდ საეჭვო საუბრები".

გაურკვეველია, როგორ ან როდის გადაიბირეს კრეილმანი. მისი ურთიერთობა ვუსთან, როგორც ჩანს, დისტანციურად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით მის მაკონტროლებელთან შესახვედრად 2019 წელს სანიაში, ხაინანის კუნძულის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქში მოგზაურობას.

1977 წლიდან ბელგიის ულტრამემარჯვენე ფლამანდიური ნაციონალისტური მოძრაობის ვეტერანი, კრეელმანი ფედერალურ სენატში 1999 წლიდან 2007 წლამდე მოღვაწეობდა და ახლა ფლამანდიური პარლამენტის საპატიო წევრია. პარასკევამდე, 15 დეკემბრამდე ის თავის ადგილობრივ ქალაქ მეხელენში პარტია Vlaams Belang-ის ლიდერი იყო.

ტომ ვან გრიკენმა, Vlaams Belang-ის ლიდერმა, პარასკევს თქვა, რომ კრეილმანის ქმედებები "ეწინააღმდეგება ჩვენი პარტიის მიზანს და არსს, სახელსაც კი" და გამოაცხადა, რომ იგი პარტიიდან დაუყოვნებლივ გარიცხეს.

ნაიჯელ ინკსტერმა, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (MI6) ოპერაციების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ჩინეთის დაზვერვის ექსპერტმა, თქვა, რომ MSS-ი თავისი ჯაშუშობის უმეტეს ნაწილს ახორციელებდა პროვინციული დეპარტამენტების მეშვეობით და ჭეძიანგს ევროპაში ოპერაციებისთვის "პირველობა" ჰქონდა.

დაზვერვის ერთმა დასავლურმა წყარომ თქვა, რომ MSS-ის განყოფილებას ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში 5000-მდე დაზვერვის ოფიცერი ჰყავდა და ჩვეულებრივ გადაბირებულებს სანიაზე ხვდებოდნენ.

"ჩინეთს ბრიუსელში, რომელიც NATO-სა და ევროკომისიის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაციების კონცენტრაციის გამო სამიზნეებით მდიდარ გარემოდ განიხილება, ადამიანური და ელექტრონული შეგროვების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს". - თქვა ინკსტერმა, რომელიც ახლა საკონსულტაციო კომპანია Enodo Economics-ში მუშაობს.

CIA-ს ყოფილმა საიდუმლო აგენტმა თქვა, რომ MSS-ი ევროპაში უფრო მეტ რისკზე წასვლისკენაა მიდრეკილი, რადგან დაჭერის შემთხვევაში შედეგებს ნაკლებად მძიმედ თვლის, ვიდრე აშშ-ში. დასავლური დაზვერვის ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ განსაკუთრებული აქცენტი არის ბრიუსელზე, რადგან მის უსაფრთხოების სამსახურებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები.

"ბელგია იქცა სხვადასხვა მტრული სახელმწიფოს სადაზვერვო ოპერაციების მთავარ ცენტრად იქ მოქმედების სიმარტივის გამო". - თქვა ყოფილმა უფროსმა ოფიცერმა.

ბელგიის პრემიერ მინისტრს ალექსანდრე დე კროუს ჰკითხეს ამ ახალი ამბის შესახებ, როდესაც ის პარასკევს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მივიდა. "მე ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია". - თქვა მან.

"ეს რეალურად ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი არღვევს ჩვენს კეთილდღეობას, ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს დემოკრატიას შიგნიდან, პარტიიდან, რომელიც ზის ჩვენი ქვეყნის პარლამენტში, სენატში. . . Vlaams Belang-ის სენატორი Financial Times-ის პირველ გვერდზეა - ეს მთელმა მსოფლიომ ნახა".

დე კროუმ თქვა, რომ მან იცოდა გამომჟღავნებების შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში და "შოკირებულია". მისი თქმით, ამან აჩვენა, რომ "ექსტრემალური მემარჯვენეობა შეიძლება საფრთხე იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის".

ვუმ მიმოწერისას რამდენჯერმე განიხილა ფული, მათ შორის ის თანხა, რომელსაც კრეილმანს ან სხვებს მათი დახმარებისთვის გადაუხდიდა. ერთ მომენტში ვუმ კრეილმანს ასწავლა როგორ გამოეყენებინა აპლიკაცია კრიპტოვალუტის გადასაცემად.

როგორც ჩანს, კრეილმანი ვუს მიერ შეტყობინებებით დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დიდ წარმატებებს ვერ აღწევდა. მაგალითად, 2021 წლის ივნისში მან აღიარა, რომ "შეწინააღმდეგება სცადა… უშედეგოდ" ბელგიის პარლამენტის რეზოლუციისა, რომელმაც უიღურები გენოციდის საფრთხის წინაშე მყოფებად აღიარა.

2019 წელს ვუმ კრეილმანს სთხოვა, შეეთანხმებინა სტატიის გამოქვეყნება, რომელიც ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული პროტესტის წინააღმდეგ ბიძგს მისცემდა. კრეილმანმა თქვა, რომ მას შეეძლო გადაეხადა არასაშტატო ჟურნალისტისთვის, რომელიც მინიმუმ 2000 ევროს მოითხოვდა.

ბრიუსელში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ჯეიმს უილსონმა თქვა, რომ კრეილმანმა "ჩინეთზე მუშაობისთვის" მიმართა, მაგრამ მან "თავაზიანად თქვა უარი" და რომ შეკვეთილი ისტორიების წერა "ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება".

მოპოვებული შეტყობინებების საბოლოო გზავნილში ვუ ამბობდა, რომ ეყრდნობოდა კრეილმანს, რათა დაერწმუნებინა Vlaams Belang-იდან ევროპარლამენტის ორი წევრი - ტომ ვანდენდრისშე და ფილიპ დე მანი - შოლცის ვიზიტამდე განცხადებები გაეკეთებინათ.

"გარკვეული პრობლემები მქონდა სხვა არხებით მუშაობისას, ამიტომ ახლა კარგი ამბების მოტანისთვის შენი ევროპარლამენტარების იმედი მაქვს. [Lol][Lol]".

მაგრამ განცხადებები არ გაკეთებულა. ვანდენდრისშემ თქვა, რომ მას ამ საკითხზე კრეილმანთან დისკუსია არ გაუმართავს. დე მანმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, განიხილა თუ არა ეს საკითხი კრეილმანთან.

მის მიერ გამოყენებულ მრავალ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე ვუსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბრიუსელში ჩინეთის საელჩოს თქმით, მათ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

კომენტარები