5G

ComCom: სელფი მობაილმა 5G ინტერნეტი ბაკურიანსა და გუდაურში ჩართო

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, სელფი მობაილმა 5G ინტერნეტი სეზონის დადგომასთან ერთად, თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში დანერგა. მათივე ინფორმაციით, მეხუთე თაობის ინტერნეტი ასევე თბილისში - დიდუბესა და დიდ დიღომშია ხელმისაწვდომი.

ComCom-ის ცნობით, სელფი მობაილი ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 5G ინტერნეტის დანერგვისათვის შესაბამის ლიცენზიას ფლობს. 

"მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ სელფი მობაილმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა. აუქციონის ფარგლებში, სელფი მობაილმა აიღო ვალდებულება ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი დაენერგა, შესაბამისად, სელფი მობაილი ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობს" - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.


14 დეკემბერს სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა თბილისის ცენტრალურ უბნებში, კერძოდ, თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისი ჩართო. ამასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიას აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზია არ აქვს, რასაც სილქნეტი უარყოფს.

როგორც ტაბულას კომპანია სილქნეტში უთხრეს, კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება, საშუალებას იძლევა კომპანიამ 5G დანერგოს.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, კომპანია სილქნეტი ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს. მათი ცნობით, კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი სილქნეტისთვის  წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა.

კომენტარები