ოკუპირებული ტერიტორიები

SJC ოკუპირებულ ტერიტორიებზე 3 პოლიტიკოსის განცხადებას "პრობლემურად" და "მიუღებლად" აფასებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC, ყოფილი EMC) თამაზ გინტურისა და თემურ კარბაიას მკვლელობებთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას, ბექა დავითულიანისა და შალვა ნათელაშვილის კომენტარებს "პრობლემურს" და "მიუღებელს" უწოდებს. ორგანიზაციის აზრით, პოლიტიკოსების განცხადებები "ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკის ლოგიკას და კონფლიქტების საკითხების ინსტრუმენტალიზების და პოპულიზმის გამოვლინება უფროა".

"2023 წლის 6 დეკემბერს ტვ პირველის გადაცემაში "საჯარო პოლიტიკა" სტუმრობისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაიმეორა 1990-იანი წლების შოვინისტური ნარატივი, რომელიც აფხაზების ეთნოგენეზისზე სპეკულაციურ და დამახინჯებულ წარმოდგენებს ქმნის და შუღლის გაღვივებას უფრო ახდენს: "აფსუებს თუ უნდათ წავიდნენ ყაბარდო-ბალყარეთში. ჩამოხეტებული აფსუები მივიღეთ, ჩავიხუტეთ და ასე გადაგვიხადეს მადლობა... ტანსაცმელი არ ჰქონდათ, რომ ჩამოეხეტნენ გუდაუთაში. მსოფლიოს არ უნდა ეგონოს რომ ჩვენ და აფსუებს თანაბარი უფლებები გვაქვს. ვისაც მოუნდება დამოუკიდებელი სახელმწიფო წავიდეს, წაეთრას საიდანაც მოვიდა და იქ შექმნას". სამწუხაროდ, პოლიტიკოსის ამ უპასუხისმგებლო განცხადებას საჯაროდ არ გაემიჯნა და სათანადო კომენტარი არ გააკეთა არც გადაცემის წამყვანმა, ეკატერინე მიშველაძემ.

2023 წლის 13 დეკემბერს პოლიტიკური პარტიის ევროპული საქართველო ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა: "ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% და ზოგჯერ მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს. კითხვა ისმის, რატომ? [..] რატომ ვაფინანსებთ და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას? რაში იცვლება ეს, თუკი ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ჩვენი მტერი არანაირ ფასს არ იხდის. ჩვენ დღეს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთის მარიონეტებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ვითარება არ გამოსწორდება, მთლიანად ჩაიკეტება ენგურჰესი მათთვის". მანამდე მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გიგა ბოკერია წერდა: "მშვიდობიან მოგვარებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მუდმივი ღაღადი მხოლოდ სისუსტისა და უმწეობის გამოვლინებაა და ჩვენი საზოგადოების სწორი მიზნის გარშემო მობილიზების ნაცვლად, მხოლოდ დემორალიზაციას იწვევს და ამით გვაშორებს ჩვენს ეროვნულ ამოცანებს".

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მმართველი პოლიტიკური პარტიის დეპუტატის, ბექა დავითულიანის 2023 წლის 11 დეკემბრის განცხადება, სადაც ის პირდაპირ დაუპირისპირდა მისი პარტიის მიერ განცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას: „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, მაგრამ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს". - წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

SJC მიიჩნევს, რომ ამ სამი პოლიტიკოსის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ სამშვიდობო პოლიტიკას, რომ "დეოკუპაციისა და კონფლიქტების მოგვარების მიზანს საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მიაღწევს და ის გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას".

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2010 წელს განსაზღვრული სამშვიდობო პოლიტიკა 2014 და 2017 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების ხედვებით და ასევე სამშვიდობო ინიციატივით - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" კიდევ უფრო გაღრმავდა, ზემოხსენებული პოლიტიკოსების განცხადებები კი, მათი აზრით, სამშვიდობო პოლიტიკის სულისკვეთების წინააღმდეგია, რადგან:

"1. არ აღიარებს მშვიდობის, როგორც თავისთავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური იდეის მნიშვნელობას (ბ. დავითულიანის განცხადება);

2. აფხაზების მიმართ მტრულ და შოვინისტურ განწყობებს აღრმავებს (შ. ნათელაშვილის განცხადება);

3. სრულად გამორიცხავს კონფლიქტის ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ განზომილებას, ამ საზოგადოებებთან დიალოგის, ნდობის შენებისა და მათთვის რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის კვალდაკვალ უფლებრივი და სოციალური სიკეთეების შეთავაზების ლოგიკას (გ. ბოკერიას განცხადება)".

ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ძალიან წუხს, რომ "ქართველ პოლიტიკოსებს ნდობის შენების მნიშვნელობა არ ესმით და მას უგულებელყოფენ". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებში, რომლებიც "ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებს, ამგვარი განცხადებების ჯაჭვი უნდობლობასა და გაუცხოებას აღრმავებს".

SJC ასევე მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში აღნიშნული პოლიტიკური პარტიები ყარაბაღის მე-2 ომისა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე შეცვლილ რეგიონულ კონტექსტს ვერ პასუხობენ, მათ არ გააჩნიათ დეოკუპაციის საფუძვლიანი ხედვა და გაუაზრებელი პოპულიზმით არიან დაკავებული.

"ჩვენთვის ცხადია, რომ პოლიტიკური პოპულიზმის ტენდენცია პარტიების მიმართ მზარდი უნდობლობით, ასევე პარტიების, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების შიგნით ადამიანური და  ინტელექტუალური რესურსების დეფიციტით უნდა აიხსნას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებსა და წარმომადგენლებს:

სიფრთხილით მოეკიდონ კონფლიქტების თემაზე გაკეთებულ განცხადებებს და ის შესაბამისობაში მოიყვანონ სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან და სულისკვეთებასთან, რომელიც კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის პრინციპებს აღიარებს და ითვალისწინებს გაყოფილი საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის გაზრდას;

გაიაზრონ რეგიონში მიმდინარე ცვლილებები და გაჩენილი ახალი და ისტორიული გეოპოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოსთვის და მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის მაღალი კოორდინაციისა და შეთანხმებების პირობებში იმუშაონ სამშვიდობო პოლიტიკის განახლებასა და გაძლიერებაზე, რომელიც გაყოფილი საზოგადოებებისთვის ახალი ალტერნატივების და დიალოგის ინტერესის შეთავაზებაზე იქნება ორიენტირებული. არსებითია ეს პროცესი ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ასევე ანგარიშვალდებულებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რეალური მონაწილეობის პრინციპებით წარიმართოს". - წერს ორგანიზაცია 18 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში.

კომენტარები