ტოლკინი

ტოლკინის ფანს "ბეჭდების მბრძანებლის" მისეული გაგრძელების გაყიდვა აუკრძალეს

იან მაკკელენი და ელაიჯა ვუდი, კადრი ფილმიდან ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო
GETTY IMAGES

ბრიტანელი მწერლის, "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორის, ჯ.რ.რ. ტოლკინის საავტორო უფლებების მფლობელმა ორგანიზაცია Tolkien Estate-მა ამერიკაში მცხოვრებ მწერალს, დემეტრიუს პოლიქრონს ტრილოგიის მისეული გაგრძელების გამოქვეყნებაზე სასამართლო პროცესი მოუგო.

პოლიქრონმა 2022 წელს გამოქვეყნებულ წიგნს მეფის საძმო დაარქვა და მას "ბეჭდების მბრძანებლის შესანიშნავი გაგრძელება" უწოდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, ამერიკელმა მწერალმა წიგნების გავრცელება უნდა შეწყვიტოს და ტექსტის ყველა ფიზიკური და ელექტრონული ასლი უნდა გაანადგუროს.

ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როდესაც პოლიქრონი თავად ეცადა Tolkien Estate-ისა და Amazon-ისთვის ეჩივლა. ამერიკაში მცხოვრები მწერლის მტკიცებით, სტუდიის მიერ გადაღებული სერიალი ძალაუფლების ბეჭდები მისი წიგნის საავტორო უფლებებს არღვევდა.

თუმცა, სასამართლომ ეს საქმე არ განიხილა და დაადგინა, რომ პოლიქრონი წიგნით თავად არღვევდა ბეჭდების მბრძანებლის წინაისტორიაზე 2022 წლის სექტემბერში გამოსულ სერიალზე საავტორო უფლებებს.

ამის შემდეგ, Tolkien Estate-მა გადაწყვიტა პოლიქრონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მწერალს ტოლკინის ტრილოგიის მისეული გაგრძელების უკვე გამოქვეყნებული და დაგეგმილი 6 გამოსაქვეყნებელი წიგნის გაყიდვა აეკრძალა.

სასამართლომ პოლიქრონს სარჩელთან დაკავშირებით Tolkien Estate-ის ადვოკატის ჰონორარის, 134 000 დოლარის გადახდაც დააკისრა.

"ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება Tolkien Estate-ისთვის, რომელიც არაავტორიზებულ გამომცემლებსა და ავტორებს ჯ.რ.რ. ტოლკინის მეტად საყვარელი ნამუშევრების ამ გზით გამოყენების საშუალებას არ მისცემს... ეს საქმე მოიცავდა "ბეჭდების მბრძანებლის" საავტორო უფლებების სერიოზულ დარღვევას, რომელიც განხორციელდა კომერციულ საფუძველზე". - აღნიშნა Tolkien Estate-ის ადვოკატმა, სტივენ მაიერმა.

კომენტარები