ასტროლოგია

"გადადი ბმულზე და გაიგე შენი ბედისწერა"

ასტროლოგია

"გადადი ბმულზე და გაიგე შენი ბედისწერა"

წინასაშობაო მჩხიბაობის გამოცოცხლება ერთი შეხედვით ლოგიკური არ უნდა იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: დასასრულისა და დასაწყისის შესართავთან ადამიანებს განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილი გვაერთიანებს, გავიგოთ, ვინ ვართ და რა გველის მომავალში. 

ეს სურვილი ტრადიციულად თანაცხოვრობდა ყველა დიდი რელიგიის გვერდით, რომელთა უმრავლესობაც მას გმობდა, მაგრამ საცდური იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი შეძლო: სასულიერო პირები ქადაგებით დაღალა.

დაღალა ისინიც, ვისთვისაც მჩხიბაობა არა რწმენის, არამედ გონების საწამლავია.

დაიღალნენ რესპექტაბელური გამოცემებიც. 

ზოგიერთები არა მხოლოდ დაიღალნენ, ყურადღებაზე ნადირობისას ადამიანური სისუსტეების წინაშე კაპიტულირდნენ.

ჩვენ ჯერ დაღლილობას ვერ ვგრძნობთ, ამიტომ ეს სტატია იმის შესახებ არის, რომ ძველისა და ახლის მიჯნაზე რაღაც უკეთესის ცდა ღირს. 

ინტერნეტსივრცეში მრავალ ისეთ სათაურს წააწყდებით, რითაც ეს სტატია დავასათაურეთ. ჩვენი ცხოვრებისა და მომავლის შესახებ დაფარული ცოდნის გაცემის მსურველები არც რეალურ ცხოვრებაში დაილევიან. მეტიც, თუ მომსახურების გამცემი “თავისი საქმის პროფესიონალად" მიიჩნევა, კამერას უყვარს და ეს სიყვარული ორმხრივია, როგორც წესი, ეს მომსახურება მის ჯიბეს ავსებს და თქვენსას აცარიელებს.

ამქვეყნად მჩხიბაობის უთვალავი ნაირსახეობა არსებობს, სამამულო ტელევიზია ამ უთვალავიდან ყველას გაშუქებას ახერხებს, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ ერთ-ერთზე, ასტროლოგიაზე ვისაუბრებთ.

ასტროლოგია ამბობს, რომ ჩვენი დაბადების მომენტში კოსმოსში ვარსკვლავებისა და პლანეტების გადანაწილება ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებსა და ბედისწერაზე ახდენს გავლენას. საკმარისია, ვინმემ იცოდეს ჩვენი დაბადების ზუსტი მომენტი და ეცოდინება ჩვენი ხასიათი, სუსტი და ძლიერი მხარეები, რა გვამოძრავებს, როგორი ბავშვობა გვქონდა და როგორ ცხოვრებას გავატარებთ. 

გაგიკვირდებათ და, ამ აზრს რამდენიმე დიდი პრობლემა აქვს. 

პირველი ის არის, რომ ჰოროსკოპებისა და ზოდიაქოების აბსოლუტური უმრავლესობა ზედმეტად ზოგადია. იმის მაგივრად, რომ ასტროლოგებმა კონკრეტული, გადამოწმებადი დებულებები წარმოადგინონ, რომლებსაც პრაქტიკაში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ, ისინი მაქსიმალურად ბუნდოვან განმარტებებს იძლევიან, რომელთაც ყველანაირ სიტუაციას მოარგებენ.

ასტროლოგი გეტყვით: "თქვენ შეხვდებით ავ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით ენერგიას შემოიტანს". შემდგომ არ აქვს მნიშვნელობა, ნერვები მეზობლის დაყრილ ნაგავზე მოგეშლებათ, საჯარო ტრანსპორტში გაგაღიზიანებთ ვინმე – დიდი ალბათობით მოხდება ისეთი რამ, რაც ამ არაფრისმომცემ "პროგნოზს" დააკმაყოფილებს. 

თანაც, ადამიანებს ზოგად, ყოვლისმომცველ დახასიათებებში საკუთარი თავისთვის რელევანტური დეტალებისა და კანონზომიერების ამოკითხვა გვჩვევია. ამას ბარნუმის ეფექტს უწოდებენ.

ამასთან, არაერთმა სამეცნიერო ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასტროლოგიურ რუკებს ადამიანის რეალურ პიროვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ერთ-ერთი ორმაგად ბრმა კონტროლის მეთოდით ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, აშშ-ში "გეოკოსმიური კვლევის ეროვნული საბჭოს" მიერ ნომინირებული ასტროლოგები გამოცადეს. მათ დაურიგეს 100 ადამიანის ნატალური რუკა, რომელიც უნდა შეესაბამებინათ ფსიქოლოგიური პროფილისთვის. მონაწილეები თანხმდებოდნენ, რომ ფსიქოლოგიური პროფილები სათანადო მეთოდით იყო შედგენილი და თუ ასტროლოგია მართალია, ამოცანას მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართმევდნენ თავს. 

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ასტროლოგების პროგნოზი შემთხვევითობას არაფრით სჯობდა. მეტიც, წარმატების სტატისტიკა არ შეცვლილა მაშინაც, როცა ასტროლოგი თავის შეფასებაში დარწმუნებული იყო. 

გარდა ამისა, ასტროლოგიის ფარგლებში მრავალი წინააღმდეგობრივი სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ. რატომ არ აქვთ ერთი და იგივე ბედი, ერთი და იგივე პიროვნული მახასიათებლები ზუსტად ერთ დროს დაბადებულ ტყუპებს? ასევე, დიდი კატასტროფების შემთხვევაში, მიწისძვრისას, წყალდიდობისას ან ტერაქტის დროს, ყველა დაზარალებულ ადამიანებს ერთი ჰოროსკოპი ჰქონდათ? (ცხადია, არა).

საერთოდაც, თუ ასტროლოგია ცოდნის მიღების სანდო წყაროა, რატომ თანხმდებიან რამეზე ასტროლოგები ასე იშვიათად? შეიძლება მივიდეთ ხუთ ასტროლოგთან და ექვს განსხვავებულ პასუხს მივიღებთ. ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის შემთხვევაში მსოფლიო მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია საერთო მეცნიერულ სურათზე, რატომ არ არის ეს ასე ასტროლოგიის შემთხვევაში? 

ამასთანავე, დასავლური ზოდიაქოს შემთხვევაში მაინც, ასტროლოგიური ნიშნები თანავარსკვლავედების ნამდვილ პოზიციას არ ემთხვევა

ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ ასტროლოგიის ვარაუდით, 12 თანავარსკვლავედი ცაზე თანაბარ სივრცეს, 30 გრადუსს იკავებს, თუმცა, სინამდვილეში, ისინი განსხვავებული ზომისა და ფორმისაა. მაგალითად, მზე მორიელის თანავარსკვლავედიდან 5 დღეს, ხოლო კუროს თანავარსკვლავედიდან გამოსვლას 38 დღეს ანდომებს.

მეორე და მთავარი მიზეზი კი დედამიწის პრეცესია, ანუ შემოდგომისა და გაზაფხულის ბუნიობის წერტილების გადაადგილებაა. დედამიწა სფეროიდული ფორმისაა და ტრიალის დროს მის ნაწილებს მზე და მთვარე სხვადასხვა ძალით მიიზიდავს, ამიტომ მისი ღერძი კონუსს შემოწერს. პრეცესიის შედეგად დედამიწიდან დანახული თანავარსკვლავედები ნელ-ნელა, 72 წელში დაახლოებით 1 გრადუსით, აღმოსავლეთით გადაადგილდება. შესაბამისად, თანავარსკვლავედები საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მუდმივად იცვლება, დაბადების თარიღები განყენებულად ვერ გვეტყვის, ადამიანის დაბადებისას ციური სხეულები სად მდებარეობდა. მაგალითად, თუ თქვენ ზოდიაქოთი "მორიელი ხართ", როცა დაიბადეთ მზე სინამდვილეში მორიელში არ იყო. 

ბოლოს, ასტროლოგია ადამიანებისადმი ზედაპირულ მიდგომას ახალისებს და ჩვენს მდიდარ შინაგან სამყაროსა და თავისუფლებას აუფასურებს. ადამიანი მხოლოდ დაბადების რიცხვამდე დაიყვანება, რომელიც მასზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ჩვენს კულტურაში ბევრისთვის მიუღებელია, ადამიანის მხოლოდ ზედაპირულად, გარეგნობით შეფასება. რით ჯობია ამას ასტროლოგია? სინამდვილეში, გაცილებით უფრო აზრიანია, ადამიანზე მხოლოდ მისი გარეგნობით ვიმსჯელოთ, რადგან დაბადების თარიღთან შედარებით, მას გარკვეულწილად ვაკონტროლებთ მაინც. 

ასტროლოგია ვერ მოგვცემს იმას, რასაც გვპირდება. მას მხოლოდ რორშახის ტესტად თუ გამოვიყენებთ, რომელშიც ჩვენს თავზე წარმოდგენებს შერჩევითად ამოვიკითხავთ. ამიტომ, თუ გვსურს, გავიგოთ მომავალი ან საკუთარ თავში უკეთესად გავერკვეთ, უბრალოდ ფულს ტყუილად გავფლანგავთ. მართალია, ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთის დახარისხება, ქცევების ახსნა, იდენტობების გამოყოფა, მაგრამ ამისთვის ასტროლოგიაზე გაცილებით უკეთესი გზები არსებობს, რომლებიც რეალობასთან უფრო ახლოსაა.

იდეალურ შემთხვევაში, ასტროლოგიას მსუბუქად შევხედავდით და მხოლოდ გართობისთვის გამოვიყენებდით, ასტროლოგები კი კლიენტებს გააფრთხილებდნენ, რომ მათ პრაქტიკას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

ჩვენი ცივილიზაცია ამ ვარსკვლავზე არ დაბადებულა. ის შობის ვარსკვლავის ქვეშ არის დაბადებული.

კომენტარები