დაკარგული ბიჭი

ესპანეთში 6 წლის წინ დაკარგული ბიჭი, რომელიც საფრანგეთში იპოვეს, ბრიტანეთში დაბრუნდა

2017 წელს ესპანეთში დაკარგული ალექს ბეტი
GREATER MANCHESTER POLICE

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 2017 წელს ესპანეთში დაკარგული ინგლისელი ალექს ბეტი, რომელიც საფრანგეთში იპოვეს, გაერთიანებულ სამეფოში მშვიდობით დაბრუნდა.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ 11 წლის ასაკში დაკარგული ალექსი საფრანგეთის ერთ-ერთ დასახლებაში იპოვეს. დაკარგვის დროს იგი ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დასასვენებლად ესპანეთში იმყოფებოდა.

ბრიტანეთში გამგზავრებამდე ალექსი ტულუზის აეროპორტში ოჯახის წევრებსა და გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ოფიცრებს შეხვდა. ახლა ის ოლდჰემში ბებიასთან სუზან კარუანასთან შესახვედრად ჩავა, რომელიც ასევე მისი მეურვეა. BBC-ს ცნობით, ალექსის ბაბუა ექვსი თვის წინ გარდაიცვალა, ხოლო მისი დედა, რომელიც მისი მეურვე არ არის, გამოცემა Reuters-ის ცნობით, ამჟამად ფინეთშია.

BBC-ს საფრანგეთში ადგილობრივმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ მოზარდი კურიერმა იპოვა, როცა ბიჭმა კომუნა დატოვა და რამდენიმე დღე ფეხით დადიოდა. ალექსი ზურგჩანთით და სკეიტბორდით მთის ფერდობებზე გზას მარტო მიუყვებოდა, რის გამოც კურიერს შეეცოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა.

"მანქანაში სამი საათი გაატარეს და ბიჭმა თავისი ამბავი მოუყვა. მან თქვა, რომ მოხეტიალე კომუნაში ცხოვრობდა, მაგრამ დედამისი "ცოტა ეუცნაურებოდა" და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება არ სურდა და უნდოდა, რომ საკუთარი გზა გაეკაფა. ამიტომ, გადაწყვიტა, წასულიყო". – თქვა ჟურნალისტმა BBC-სთან საუბრისას. 

ალექსმა პოლიციას უთხრა, რომ ორი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, ჯანმრთელადაა და მისთვის ზიანი არავის არ მიუყენებია.

კომენტარები