ოთარ იოსელიანი

R2-მა წაშალა ძველი ვიდეო, სადაც იოსელიანი ივანიშვილს პროვინციელ მილიარდერს უწოდებს

ოთარ იოსელიანი/ბიძინა ივანიშვილი

რუსთავი 2-მა თავისი Facebook-გვერდიდან წაშალა ოთარ იოსელიანის ძველი ვიდეო, სადაც გარდაცვლილი რეჟისორი ივანიშვილს პროვინციალ მილიარდერს უწოდებს.

"მთავრობა არა გვყავს ჩვენ [...] ჩვენ გვყავს ერთი მილიარდერი [...] წარმოიდგინე, პროვინციალი მილიარდერი, რომელსაც იდეები აწუხებს რა... კაი რა". - ამბობს ვიდეოში იოსელიანი.

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს ქართული ოცნების ლიდერებმაც.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს". - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სამძიმრის წერილი გაავრცელა კახა კალაძემაც.

"კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის.

"გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი", "მთვარის ფავორიტები", "პეპლებზე ნადირობა" და სხვ. - ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.

ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით.

სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს!" - წერს კალაძე Facebook-ზე.

კომენტარები