თურქეთის პარლამენტი

პარლამენტში მიღებული გულის შეტევის შემდეგ, თურქი კანონმდებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თურქი ოპოზიციონერი პარლამენტარი, ჰასან ბითმეზი პარლამენტში მიღებული გულის შეტევის შემდეგ, 2023 წლის 12 დეკემბერი
REUTERS/Stringer

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულებისას მიღებული გულის შეტევიდან 2 დღეში თურქი ოპოზიციონერი დეპუტატი, 54 წლის ჰასან ბითმეზი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოჩას თქმით, ბითმეზი, რომელიც პარლამენტში ოპოზიციურ პარტია Saadet-ს წარმოადგენდა, ანკარის საქალაქო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს ბითმეზი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მიმართვაში მან ისრაელი ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო გააკრიტიკა. მანვე თურქეთის მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (AKP) ისრაელის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

"თქვენ ხელზე გაქვთ პალესტინელების სისხლი, თქვენ ხართ კოლაბორაციონისტები. თქვენ წვლილი გაქვთ ყველა ბომბში, რომელიც ისრაელმა ღაზის თავზე ჩამოაგდო". - თქვა ბითმეზმა მას შემდეგ, რაც მიკრაფონთან დადო ბანერი წარწერით "მკვლელი ისრაელი, კოლაბორაციონისტი AKP".

პარლამენტარმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა ისრაელისადმი მიმართული სიტყვებით - "ვერ გაექცევით ალაჰის რისხვას" - შემდეგ კი შეუძლოდ გახდა და წაიქცა. როგორც მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მას პარლამენტში გული გაუჩერდა, თუმცა ადგილზე მისი გადარჩენა და საავადმყოფოში გადაყვანა შეძლეს, სადაც შესაბამისი აპარატების დახმარებით სიცოცხლე ორი დღის განმავლობაში შეუნარჩუნეს.

კომენტარები