სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას: დაუდევარ ქმედებებს ჯოჯოხეთური განადგურება მოჰყვება

კორეის დემილიტარიზებული ზონა

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან "ჯოჯოხეთური განადგურება" მოჰყვება.

"ფხენიანს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება". - წერია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. "თუკი ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ".

რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სარაკეტო სარდლობა მოინახულა, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კორეა "მტრის თავსა და გულზე სასიკვდილო იერიშს მიიტანს".

სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბოლო პერიოდში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წინა თვეში ორივე ქვეყანამ 2018 წელს დადებული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანიც მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირება იყო.

ჩრდილოეთ კორეის მიერ სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას სამხრეთ კორეამ შეთანხმებიდან ნაწილობრივ გასვლით უპასუხა, რის გამოც ჩრდილოეთ კორეამ შეთანხმების სრული დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები