რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 315 000 დაღუპული და დაჭრილი სამხედროა

რუსი სამხედროები ვაგნერის წევრის დაკრძალვის ცერემონიაზე. 2022 წლის 24 დეკემბერი.
Igor Russak/Reuters

მედიასააგენტო Reuters-თან აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციასთან შეხების მქონე პირმა ანონიმურად თქვა, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 315 000 დაღუპული და დაჭრილი სამხედროა. ეს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას მოსკოვის ძალების რაოდენობის თითქმის 90%-ია. მედიის წყაროს თქმით, მისი ინფორმაცია ეყრდნობა დაზვერვის ანგარიშს, რომელსაც გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოეხსნა.

ამას გარდა, წყარომ Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, ჯავშანტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგი რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციას 18 წლით შეაფერხებს.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს დაზვერვის ანგარიშის მიხედვით 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი თავდასხმა 360 000 სამხედროთი წამოიწყო. წყაროს თქმით, რუსეთმა ჯარში გაწვევის სტანდარტები სწორედ 315 000 სამხედროს სიკვდილისა და დაჭრის ფონზე დაწია. 

"ზარალის მასშტაბმა რუსეთი აიძულა მიეღო საგანგებო ზომები ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. 2022 წლის ბოლოს რუსეთმა გამოაცხადა 300 000 პერსონალის ნაწილობრივი მობილიზაცია და შეარბილა სტანდარტები მსჯავრდებულებისა და ხანდაზმული სამოქალაქო პირების რეკრუტირების დასაშვებად". – წყაროს ცნობით, ნათქვამია ანგარიშში.

როგორც წყარომ აღნიშნა, ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა ომი 3 100 ტანკით დაიწყო და 2 200 ერთეული დაკარგა, რისი ჩანაცვლებაც 1970-იანებში წარმოებული Т-72 ტიპის ტანკებით მოუწიათ. მისივე ცნობით, ამის შემდეგ ბრძოლის ველზე რუსეთის მხარეს დაახლოებით 1 300 ტანკი დარჩა.

ამ წლის აგვისტოში გამოცემა New York Times-ის ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ომს 70 000 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას გარდა, უკრაინული ჟურნალი Український тиждень-ი ღია წყაროების ანალიზზე დაყრდნობით 24 500 უკრაინელი სამხედროს დაღუპვას ადასტურებდა და ხაზგასმული იყო, რომ რეალური რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

კომენტარები