პირადი ცხოვრება

არასრულწლოვნების ინტიმური ფოტო გაავრცელა - პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის 14 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილა, მათგან 5 - დააკავა. სამსახურის ცნობით, ამოიღეს არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ლ.შ დააკავეს. დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, ამ გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნეს და დანაშაულში 3 პირი ამხილეს.

"დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ Facebook messenger-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო" - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

რაც შეეხება მხილებულ დანარჩენ 10 პირს, გამოძიების ცნობით, ბრალდებულებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ ურთიერთობა როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან.

"ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები