დაკარგული ბეჭედი

პარიზში, სასტუმრო Ritz-ში 750 000 ევროდ შეფასებული დაკარგული ბეჭედი მტვერსასრუტში იპოვეს

პარიზში, სასტუმრო Ritz-ში დაკარგული ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 750 000 ევროს შეადგენს, მტვერსასრუტის ტომარაში იპოვეს.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ძვირადღირებული ბეჭედი მალაიზიელ ქალს ეკუთვნის, რომელმაც პარასკევს პოლიციას მიმართა, რადგან ეჭვობდა, რომ ბეჭედი სასტუმროს თანამშრომლებმა მოჰპარეს. მისი თქმით, მან ბეჭედი მაგიდაზე დატოვა, დაბრუნებისას კი ადგილზე აღარ დახვდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრომ ბეჭდის მფლობელს კომპენსაციის სახით კიდევ 3 ღამით უფასოდ დარჩენა შესთავაზა, ქალი პარასკევსვე ლონდონში გაფრინდა, თუმცა, ბეჭდის ასაღებად პარიზში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

"ჩვენი დაცვის თანამშრომლების პედანტური მუშაობის შედეგად ბეჭედი ვიპოვეთ. გვსურს მადლობა გადავუხადოთ Ritz Paris-ის თანამშრომლებს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩართულნი იყვნენ". - წერია სასტუმროს განცხადებაში.

ძვირადღირებული ბეჭედი მალაიზიელი ქალის პარიზში დაბრუნებამდე ადგილობრივი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

კომენტარები