საქართველო-NATO

საქართველო Maple Arch 2023-ის ორკვირიან სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მასპინძლობს

საქართველო მასპინძლობს სამეთაურო-საშტაბო სწავლება Maple Arch 2023-ს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება. სწავლება კანადის მხარდაჭერით ტარდება.

სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 7 დეკემბერს გაიმართა.

"MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო". – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სწავლებაში კანადელებთან ერთად ჩართული არიან ქართველი ინსტრუქტორებიც. Maple Arch 23-ში მონაწილეობენ სამხედროები 9 ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, უნგრეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, საბერძნეთიდან, ნორვეგიიდან და კანადიდან.

"სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები