რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჟან-პიერი: რესპუბლიკელები მზად არიან, პუტინს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აჩუქონ

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, რესპუბლიკელები მზად არიან, პუტინს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აჩუქონ. ამის შესახებ ჟან-პიერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"გამაოგნებელია, რომ აქამდე მივედით – რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, პუტინს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი აჩუქონ. ეს არის ის, რასაც ვხედავთ. ისინი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ეთამაშებიან. ჩვენ დღეს აქ ამას ვხედავთ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გვქონდა და რეგულარულად გვაქვს მათთან დისკუსიები". - თქვა ჟან-პიერმა.

ამავდროულად, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რამდენიმე კვირაში უკრაინის დახმარების მხრივ აშშ-ს შესაძლებლობები ამოიწურება.

"როგორც კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამით. რამდენიმე კვირა გვაქვს, შემდეგ კი ამოგვეწურება [უკრაინის დახმარების] შესაძლებლობები. ეს ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. თეთრი სახლი მზად არის, რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად". - აღნიშნა კირბიმ.

ამასთან,  კითხვაზე, შეუძლია თუ არა თეთრ სახლს, რაიმე გარანტია მისცეს უკრაინას, კირბიმ უპასუხა, რომ ახლა არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინას რაიმე დაპირება მისცენ.


6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.

100-ადგილიან სენატში კანონპროექტის მისაღებად საჭიროა 60 ხმა. პაკეტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, 51-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

კანონპროექტი მოიცავს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რასაც ჰუმანიტარული დახმარებაც დაემატება, ხოლო ისრაელისთვის განკუთვნილია 14-მილიარდიანი პაკეტი.

კომენტარები