რუსეთი

ФСБ-მ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით კალინინგრადის ოლქის მცხოვრები დააკავა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) დააკავა კალინინგრადის ოლქში მცხოვრები პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის წაკიდების 15 შემთხვევის ორგანიზებაში. 

ФСБ-ს ცნობით, ბრალდებული უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. რუსული მხარის განმარტებითვე, ცეცხლის წაკიდების გამოვლენილი 15 შემთხვევიდან 5-ის აღკვეთა მოახერხეს. მთლიანობაში კი 10 ეჭვმიტანილია დაკავებული. 

დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე დივერსიული საქმიანობის ხელშეწყობისა და სახელმწიფო ღალატის მუხლით აღიძრა.

ФСБ რეგულარულად ავრცელებს ცნობებს ღალატში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ, რომლებიც რუსეთის მტკიცებით, მონაწილეობდნენ დივერსიის შეთქმულებაში, უკრაინელი სამხედროების დაფინანსებაში ან რუსული სამიზნეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო ღალატში ბრალდებულების რაოდენობა. ამ მუხლით სასჯელის ზომაც გამკაცრდა და იგი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები